მსოფლიო დღეს

„დამნაშავე“ ნაპოვნია: ქალმა 60 წელი იცხოვრა ცხვირში გაჭედილი ფორთოხლის კურკით

ქალის სუნთქვის პრობლემები ბავშვობაში ტყუპ ძმასთან ჩხუბის შედეგი აღმოჩნდა, რომელმაც მაშინ დას ნახევრადშეჭმული ფორთოხალი სახეში „შეაზილა“.
Sputnik

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. 68 წლის ქალი თითქმის 60 წელი ცხოვრობდა ცხვირში გაჭედილი ფორთოხლის კურკით, იუწყება Daily Star.

​გავრცელებული ინფორმაციით, დასავლეთ იორკშირის მკვიდრი ბეტი მაკფეილი თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებოდა სუნთქვის პრობლემებით. ორიოდე კვირის წინ კი ძლიერი დაცემინებისას ცხვირსახოცზე ფორთოხლის კურკა აღმოაჩინა, რის შემდეგაც ცხვირში გაჭედილობის შეგრძნება მოეხსნა.

მისმა ტყუპმა ძმამ ტონიმ, დისგან ეს ამბავი რომ მოისმინა, ბავშვობის დროინდელი ჩხუბი გაახსენა: და-ძმამ კამათი იმ მომენტში დაიწყო, როცა ბეტი ფორთოხალს ჭამდა. კამათი ჩხუბში გადაიზარდა და ტონიმ დას ნახევრადშეჭმული ნაყოფი სახეში „შეაზილა“.

უცნაური შემთხვევა: ცხვირიდან სისხლდენის შემდეგ გოგონამ მეხსიერება დაკარგა

ირკვევა, რომ ეს ამბავი 1960-იანი წლების დასაწყისში მოხდა, როცა ტყუპები დაახლოებით ათი წლისანი იყვნენ. მაშინ ეს ინციდენტი მალევე გადაავიწყდა ყველას. მოგვიანებით კი ბეტის სუნთქვის პრობლემები დაეწყო — გოგონა იძულებული იყო, მთელი ცხოვრება პირით ესუნთქა, თუმცა ახლა ეს პრობლემა სრულად მოეხსნა.

„ნორმალურად სუნთქვა შემიძლია, ეს სასწაულია, მართლა სასწაულია. პირველად მრავალი წლის შემდეგ შემიძლია ნორმალურად ვისუნთქო“, — ამბობს გახარებული ბეტი.

უკვე ხანდაზმული ქალბატონი დარწმუნებულია, რომ ათწლეულების განმავლობაში მის პრობლემაში დამნაშავე სწორედ ფორთოხლის კურკა იყო, რომელიც ცხვირის ღრუში ღრმად იყო გაჭედილი.