თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსი SARS-CoV-2-ის ახალი მუტაცია, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, უფრო გადამდებია, მაგრამ მთლიანობაში დაავადების საშიშროების დონის სტრუქტურას არ ცვლის, განაცხადა ჯანმოს სპეცწარმომადგენელმა დევიდ ნაბარომ ბრიფინგზე, რომლის ტრანსლაციაც twitter-ზე მიმდინარეობდა.
„ის უფრო გადამდებია, მაგრამ, როგორც ჩანს, საშიში არაა“, — აღნიშნა მან.
ნაბაროს თქმით, ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ, თუმცა ახალი შტამის გამო ეპიდემიასთან ბრძოლის მეთოდებსა და პრიორიტეტებში რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
ნაბაროს მოსაზრებას ეთანხმება ჯანმოს კიდევ ერთი წარმომადგენელი მარია ვან კერკჰოვე, რომლის თქმითაც, ახალი მუტაციის უჩვეულო ქცევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.
კერკჰოვეს განმარტებით, სპეციალისტები ყურადღებით აკვირდებიან, გამოავლენს თუ არა ახალი მუტაცია ანტისხეულების გამანეიტრალებელ ცვლილებებს.
მანამდე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთიუ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა, რომელიც მის საწყის ფორმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ მტკიცებულება, თითქოს ის უფრო მომაკვდინებელია, არ არსებობს.