მსოფლიო დღეს

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ვინაობა ცნობილია: ჯო ბაიდენმა საჭიროზე მეტი ელექტორალური ხმა მიიღო

ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების კენჭისყრის შედეგები საბოლოო 6 იანვარს გახდება, როდესაც მას კონგრესის ერთობლივი სესია დაამტკიცებს.
Sputnik

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ში ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრამ ჯო ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა — ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი სწორედ ის გახდება.

აშშ-ში მომავალი პრეზიდენტის ვინაობა წყდება: ვის მისცემს ხმას ამომრჩეველთა კოლეგია

დემოკრატმა ბაიდენმა კოლეგიის 538 წევრის 302 ხმა მიიღო, ხოლო დონალდ ტრამპმა — 232. ყველა იმ შტატმა, სადაც მოქმედი პრეზიდენტი ოპონენტის გამარჯვებას ასაჩივრებდა, ხმა დემოკრატ კანდიდატს მისცა.

ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების კენჭისყრის შედეგები საბოლოო 6 იანვარს გახდება, როდესაც მას კონგრესის ერთობლივი სესია დაამტკიცებს.

ამასთან ერთად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენები აპირებენ 6 იანვარს გააპროტესტონ საპრეზიდენტო არჩევნების მათთვის მიუღებელი შედეგები.

„ჩვენ, კონსტიტუციის თანახმად, უფრო მაღალი უფლებამოსილება გვაქვს, ვიდრე უმაღლეს სასამართლოს, ვიდრე ნებისმიერ ფედერალურ თუ შტატის მოსამართლეს. როგორც ჩვენ ვიტყვით, ისე იქნება. ეს ვერდიქტი გახდება კიდეც საბოლოო“, – განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მორის ბრუკსმა.

აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პალატის ერთი წევრი მაინც წერილობითი ფორმით გააპროტესტებს რომელიმე შტატის კოლეგიის წევრთა ხმების დამტკიცებას, მაშინ დემოკრატების მიერ კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატა და სენატი, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები შეადგენენ, ვალდებული არიან, შეაჩერონ ერთობლივი სხდომა, რათა საკითხი ცალ-ცალკე განიხილონ და კენჭი უყარონ მას.