სერგეენკო: ელჩები ახმოვანებენ ქვეყნების და არა თავის პირად პოზიციას

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ასევე ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია საელჩოებზე და ელჩებზე თავდასხმა.
Sputnik

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მოხსენიება, როგორც ტყვეებით ვაჭრების, მიუღებელია და არანაირად არ უწყობს ხელს მოლაპარაკების პროცესს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ.

დაპირისპირება ოპოზიციის რიგებში: პარტია „მოქალაქეები“ თავდასხმების ობიექტი გახდა >>

რამდენიმე დღეა ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოში აკრედიტებულ ელჩებზე უარყოფით კონტექსტში საუბრობს და აკრიტიკებს მათ. მისი განცხადებით, „თუ რამეა დასავლეთისთვის ზიანის მიმყენებელი, არის კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის ქცევა, რომლებიც ტყვეებით ვაჭრობაში მონაწილეობენ და „ქართული ოცნების“ ინტერესების დაკმაყოფილებაში ცვლიან ტყვეებს“.

სერგეენკოს განცხადებით, ოპოზიციის ნაწილისგან ელჩების მიმართ ასეთი მიმართვა უცნაური მოსასმენია.

„ოპოზიციის ნაწილისგან მართლაც უცნაური მოსასმენია ასეთი მიმართვა იმ ქვეყნების ელჩებისადმი, რომლებიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ელჩები იმ ქვეყნების პოზიციას ახმოვანებენ და არა თავის პირად პოზიციას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
გადამწყვეტი ბრძოლა პარლამენტისთვის...

აღნიშნულ საკითხს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც გამოეხმაურა. ის აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია საელჩოებსა და ელჩებზე თავდასხმა.

„ელჩებთან მიმართებაში ყველა თავდასხმას ვემიჯნები, რადგან ისინი არიან ჩვენი პარტნიორები და არა რომელიმე მხარის პოზიციის მხარდაჭერა, არამედ ფასილიტაცია და შეთანხმებისკენ სვლა უნდა მოახდინონ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ელჩების კრიტიკაზე ისაუბრა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამაც და აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის რიტორიკა, რაც დიპლომატებთან მიმართებაში ისმის.

„მაშინაც კი, როცა ისინი ცდებიან, ან ძალიან ცდებიან, ზოგიერთ დიპლომატს გამოსავლად შეიძლება მიაჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის ოპოზიციის შესვლა პარლამენტში, ეს არანაირ საფუძველს არ გვაძლევს არც პრინციპულად, არც მორალურად, არც პრაგმატულად, რომ რაღაც კამპანია ვაწარმოოთ მათ წინააღმდეგ. ცნობილი გაცვეთილი გამონათქვამი რომ გამოვიყენო, „ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლო“, – განაცხადა ბოკერიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ ახალი მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა „შეიტყუოს“ >>

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში დასავლელი შუამავლები ცდილობდნენ დაეთანხმებინათ ოპოზიცური პარტიები, რომ მათ ეღიარებინათ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, ხოლო ხელისუფლება – დათმობებზე წასულიყო. ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე უნდა გამართულიყო მოლაპარაკებათა გადამწყვეტი, მეხუთე რაუნდი, მაგრამ ის ჩაიშალა.