თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ექვს სამოქალაქო აქტივისტს შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
აქციის მონაწილეები 13 დეკემბერს პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. აღნიშნულის გამო პოლიციის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა.
ექვსივე დაკავებულს ბრალი ედებოდა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის სამართლიანი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში. მათ ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო.
უკვე ერთ თვეზე მეტია, აჭარის მთავრობის სახლთან, ოპოზიცური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნებია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. აჭარის უმაღლეს საბჭოში ბარიერი ორმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა. 21 მანდატიდან 14 მმართველმა პარტიამ, ხოლო შვიდი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა.
ამ ხნის განმავლობაში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს სულ 15 პირია ადმინისტრაციული წესით დაკავებული. აქედან ბათუმის საქალაქო სასამართლომ 11-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, ოთხი ბრალდებულის საქმის განხილვა კი უვადოდ რამდენჯერმე გადადო.
„სახალხო მერიის“ შემდეგ „სახალხო გენინსპექცია“ - ბათუმში უვადო საპროტესტო აქცია გრძელდება >>
ზოგიერთი მონაწილე ტერიტორიაზე ღამითაც რჩება. ოპოზიციამ აქციის ჩატარების ადგილს „თავისუფლების კვარტალი“ უწოდა. აქ არ აღიარებენ არც არჩევნების შედეგებს, არც პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს.
აქტივისტებმა მოედანზე მინი-კაფე მოაწყვეს და აპირებენ დახლების მონტაჟს, სადაც უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ვაჭრობას შეძლებენ.