თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ეგვიპტემ ჩინური კომპანია Sinopharm-ის წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია მიიღო.
ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ჰალედ მუგაჰედის თქმით, ვაქცინის ეფექტურობა კორონავირუსისგან დაცვის კუთხით 86%-ს შეადგენს. ადრე ამ პრეპარატის კლინიკურ კვლევებში სამი ათასზე მეტმა მოხალისე ეგვიპტელმა მიიღო მონაწილეობა, იუწყება РИА Новости.
თავის მხრივ, ეგვიპტის ინფორმაციის მინისტრმა უსამა ჰეიკალმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა ეგვიპტელებისთვის უფასო იქნება.
„ქვეყნის პრეზიდენტმა აბდულ-ფათაჰ ალ-სისის განკარგულებით,ეგვიპტელებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება“, - განაცხადა ჰეიკალმა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ვაქცინის პირველი პარტიები იქნება განკუთვნილი მოსახლეობის რისკ-ჯგუფებს. მათ შორის მან დაასახელა ექიმები, საავადმყოფოების იმ განყოფილებების თანამშრომლები, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ, ასევე ხანდაზმული ადამიანები და ის მოქალაქეები, რომელთათვის COVID-19-ით ინფიცირება სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ჯანმოს ბოლო მონაცემებით, ეგვიპტეში კორონავირუსით ინფიცირების სულ 121 089 შემთხვევა დაფიქსირდა (ბოლო 24 საათში - 478), გარდაცვლილია 6 898 ადამიანი.