თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. „რესპუბლიკური პარტიის“ მთავარი გზავნილია – თუ პარლამენტში არ არის ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, არ არის არც „რესპუბლიკური პარტია“, განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.
მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომის პარალელურად, რომელიც დღეს გაიხსნა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში სადეპუტატო მანდატებზე უარი საჯაროდ განაცხადეს და ოფიციალური დოკუმენტით გააფორმეს კიდეც პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით ბოიკოტი. ოპოზიციის ერთობლივ მემორანდუმს ხელი არ მოაწერა ოთხმა პარტიამ, მათ შორის რესპუბლიკელებმაც.
„რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომელიც შედის ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, განაცხადა რომ აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების ორგანიზებით ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულებას ელოდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ კი მათგან დაფიქსირებული პოზიციის უფრო მეტად განმარტება მოითხოვა.
პარტიის პოზიცია მოგვიანებით პარტიის თავმჯდომარემ განმარტა, რომელიც არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში თამარ კორძაიასთან ერთად მოხვდა.
„რესპუბლიკურ პარტიას“ ამ არჩევნებზე აქვს ორი მანდატი ბლოკთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ერთად. ეს ორი მანდატი მოგვენიჭა ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიერ და ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ თუ არ არის პარლამენტში ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, არც „რესპუბლიკური პარტია“ არ არის საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ პარტიას ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია საერთაშორისო პარტნიორების ფასილიტატორობით მიმდინარე მოლაპარაკებები.
„ძალიან სერიოზულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რომ ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან, და ამ მოლაპარაკებებს ენიჭება მნიშვნელოვანი როლი. მანდატზე უარის თქმის თაობაზე ხელმოწერილი დოკუმენტებით, რომელიც დავწერეთ მე, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძიამ, მივმართავთ პარლამენტს მაშინვე, როდესაც სრულად ამოიწურება რესურსი და დასრულდება ეს საერთაშორისო მოლაპარაკებები“, – აღნიშნა სამნიძემ.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიხსნა. გუშინ კი მმართველ პარტიასა და პარლამენტში შესულ რვა ოპოზიციურ პარტიას შორის მოლაპარაკებთა მეხუთე რაუნდი იყო დაგეგმილი, სადაც შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები უნდა განხილულიყო. თუმცა მოლაპარაკებები გადაიდო.
რვას მინუს ოთხი: ოპოზიციამ მემორანდუმს ხელი მოაწერა >>
მოლაპარაკებების ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ პოზიცია გახდა, რომელმაც ოთხშაბათს განმარტა, თუ რა შემთხვევაში დაეთანხმება რიგგარეშე არჩევნების გამართვას. როგორც მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროებითი საპარლამენტო კომისია ხმებს გადაითვლის და დაადგენს არჩევნების შედეგების თუნდაც 1%-იან შეუსაბამობას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდება პარლამენტის პირველივე სხდომაზე, მის მუშაობაში მონაწილეობას შეძლებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტები და საპარლამენტო ოპოზიცია.
გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, დააკმაყოფილოს ოპოზიციური პარტიების სურვილი, დატოვონ პარლამენტი, და შეუწყვიტოს მათ სახელმწიფო დაფინანსება. ამასთანავე პირობა დადო, რომ მიიღებს კანონს, რომელიც აუკრძალავს ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში მონაწილეობას მისი დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამო.