„ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს

ოპოზიციის როლი უმნიშვნელოვანესია და მათ ხელთ არსებული რესურსები მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ, აცხადებს მმართველი პარტიის წარმომადგენელი კახა კუჭავა.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დამატებით რაუნდებზე გარკვეული შეთანხმება მიღწეული იქნება, იმედი გამოთქვა „ქართული ოცნების“ წევრმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ზურაბიშვილი: დემოკრატიის უარყოფაა, როცა მტკიცებულების გარეშე ითხოვ ახალ არჩევნებს

მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომას, რომელიც დღეს გაიხსნა, 150-დან ესწრება 88 დეპუტატი – მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილები თავისუფალია. პარლამენტში მოხვედრილი რვავე ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

დღესვე პარლამენტის სხდომის პარალელურად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში სადეპუტატო მანდატებზე უარი საჯარო განცხადებაზე ხელმოწერით დააფიქსირეს.

აღნიშნულ მემორანდუმს ხელი არ მოაწერა პარლამენტში შესულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩმა“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ და „მოქალაქეებმა“. მიუხედავად ამისა, ისინიც ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

„პარლამენტი ხალხმა აირჩია იმიტომ, რომ აქ მოხდეს დებატები და დისკუსია ყველა იმ საკითხზე, რაზეც თანხმობა თუ უთანხმოება არის. არის ძალიან რთული პერიოდი, პანდემიას ვგულისხმობ, მთელ მსოფლიოში და ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ გამოვიყენოთ ის მანდატები, ის ნდობა, რომელიც ხალხმა მოგვანიჭა, და არ ვიმუშაოთ იმ საკითხებზე, რაც დღეს აუცილებელია, რომ ქვეყანაში გადაიჭრას“, – განაცხადა კუჭავამ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილის პოსტზე განიხილება.

რატომ არ მოაწერა ხელი რესპუბლიკურმა პარტიამ ერთობლივ მემორანდუმს – სამნიძის განმარტება

კუჭავას თქმით, ოპოზიციას, როგორც არასდროს, გააჩნია ძლიერი ბერკეტი და ის უნდა გამოიყენოს.

„ჩვენ ამისთვის ვიღწვოდით მე-9 მოწვევის პარლამენტში, რომ მაქსიმალურად გაგვეძლიერებინა ოპოზიციის ფუნქციები და უფლებები და დღეს, როგორც არასდროს, ისე არის წარმოდგენილი ოპოზიცია თავისი უფლებამოსილებით... ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, ეს ბერკეტი გამოიყენონ", – განაცხადა კახა კუჭავამ.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიხსნა. გუშინ კი მმართველ პარტიასა და პარლამენტში შესულ რვა ოპოზიციურ პარტიას შორის მოლაპარაკებთა მეხუთე რაუნდი იყო დაგეგმილი, სადაც შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები უნდა განხილულიყო. თუმცა მოლაპარაკებები გადაიდო.

მოლაპარაკებების ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ პოზიცია გახდა, რომელმაც ოთხშაბათს განმარტა, თუ რა შემთხვევაში დაეთანხმება რიგგარეშე არჩევნების გამართვას. როგორც მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროებითი საპარლამენტო კომისია ხმებს გადაითვლის და დაადგენს არჩევნების შედეგების თუნდაც 1%-იან შეუსაბამობას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

„ოპონირების გარეშე უხერხულია“: როგორ შეაფასა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციის ბოიკოტი

მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდება პარლამენტის პირველივე სხდომაზე, მის მუშაობაში მონაწილეობას შეძლებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტები და საპარლამენტო ოპოზიცია.

გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, დააკმაყოფილოს ოპოზიციური პარტიების სურვილი, დატოვონ პარლამენტი, და შეუწყვიტოს მათ სახელმწიფო დაფინანსება. ამასთანავე პირობა დადო, რომ მიიღებს კანონს, რომელიც აუკრძალავს ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში მონაწილეობას მისი დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამო.