საუკუნის პროექტი: გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე 2023 წელს დასრულდება

ახალი გზა სრულ შესაბამისობაში იქნება საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებთან. პროექტის ღირებულება დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარია.
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. მთელი გზის ექსპლუატაციაში შესვლა 2023 წლისთვის იგეგმება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

საქართველო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 20 მილიარდამდე ლარს დახარჯავს>>

სამშენებლო სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი–ხევის 11.7 კილომეტრიან, ხევი–უბისას 12.2 კილომეტრიან და უბისა–შორაპნის 13 კილომეტრიან მონაკვეთებზე. სულ პარალელურ რეჟიმში მუშაობა მიმდინარეობს 53 ხიდსა და 39 გვირაბზე.

საექსპორტო მატარებელი თურქეთიდან ჩინეთში საქართველოს გავლით პირველად გაემგზავრა

მეოთხე, შორაპანი–არგვეთის 14,7 კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

რიკოთის უღელტეხილზე მთლიანობაში დაგეგმილია 51,6 კილომეტრი სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს.

გზის მშენებლობის დასრულება 2022 წლისთვის არის დაგეგმილი, ხოლო მისი ექსპლუატაციაში მთლიანად გაშვება 2023 წელს იგეგმება.

ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის შესაბამისი იქნება. პროექტის განხორციელებაზე დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი დაიხარჯება.

„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით სრულდება. ამ დროისათვის რიკოთზე გადაადგილების სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი სიჩქარე გაორმაგდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული გზის მშნებლობაში ერთგვარი გარდამტეხი პროექტი იქნება, ვინაიდან ამ პროექტის შედეგად დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.

საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ასიგნებები ერთი მესამედით გაიზრდება

შედეგად – თუ დღეს წითელი ხიდიდან სარფამდე ჩასასვლელად საჭიროა 8 საათი, მაგისტრალის დასრულების შემდეგ საქართველოს ტერიტორიის გასავლელად საკმარისი იქნება 4–4,5 საათი.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).

საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.