თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. „როსსელხოზნადზორს“ არანაირი პრეტენზია არ აქვს ქართული ხილისა და ბოსტნეულის ხარისხის მიმართ, განუცხადეს Sputnik საქართველოს უწყების პრესსამსახურში.
ამ კვირას „როსსელხოზნადზორმა“ რუსეთში აზერბაიჯანიდან პომიდვრისა და ვაშლის იმპორტი აკრძალა ამ ქვეყნის პროდუქციაში მავნებლების აღმოჩენის გამო. ასევე აიკრძალა პომიდვრისა და წიწაკის შეტანა სომხეთის არმავირის ოლქიდან, უზბეკეთის კაშკადარინის ოლქიდან და ასევე თურქეთის ორი რეგიონიდან.
რუსულ უწყებაში უარყვეს, რომ აკრძალვები საქართველოსაც შეეხო.
„საქართველოდან ხილ–ბოსტნეულის პროდუქციის შემოტანაზე ჩვენ არანაირი შეზღუდვა არ დაგვიწესებია. როგორც ჩანს, ეს მცდარი ინფორმაციაა. ალბათ უბრალოდ აზერბაიჯანში აერიათ. ჩვენ ნამდვილად დავაწესეთ გუშინ აკრძალვა აზერბაიჯანიდან ზოგ მოწოდებაზე, და ასევე სომხეთის ერთი ოლქიდან პომიდვრისა და წიწაკის შემოტანაზე“, — განაცხადეს „როსსელხოზნადზორის“ პრესსამსახურში.
ამასთან უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოდან მიწოდებულ პროდუქციაზე „ბოლო პერიოდში არანაირი სერიოზული გადახრა არ დაფიქსირებულა“.
„როსსელხოზნადზორი“ განაგრძობს საქართველოდან მიწიდებული პროდუქციის კონტროლს სტანდარტულ სამუშაო რეჟიმში“, — განაცხადეს უწყებაში.
2020 წლის 1 აგვისტოდან 6 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტზე გატანილია 6,2 ათასი ტონა ვაშლი, საიდანაც 5,9 ათასი ტონა რუსეთში გავიდა.
სულ ექსპორტზე 2,7 მლნ დოლარის ღირებულების ვაშლია გატანილი, რაც 14–ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ზაფხულში საქართველოდან ექსპორტზე 23,8 ათასი ტონა ატამი და ნექტარინი გავიდა, აქედან რუსეთში — 15,4 ათასი ტონა.
ბოლო მონაცემებით, ასევე ექსპორტირებულია 1,9 ათასი ტონა მანდარინი, ქედან რუსეთზე თითქმის 900 ტონა მოდის.
სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის
2020 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 10,4%-ით შემცირდა 2019 წლის იანვარ–ოქტომებრთან შედარებით, და დაახლოებით 1,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო საგარეო ბრუნვის 11,6%-ია.
წლის დასაწყისიდან რუსეთში გატანილია დაახლოებით 91,9 ათასი ტონა ფეროშენადნობი, 32,7 ათასი ტონა ნატურალური ღვინო, 60 ათას ტონაზე მეტი მინერალური და მტკნარი წყალი, დაახლოებით 5,4 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები და ა.შ.