გარდაიცვალა დიდი ქართველი კინემატოგრაფისტი ალექსანდრე რეხვიაშვილი

გამოჩენილი ოპერატორი, სცენარისტი და რეჟისორი, ათობით საავტორო სურათისა და მრავალი სხვა პროექტის ავტორი 82 წლისა იყო.
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. გარდაიცვალა ქართული კინემატოგრაფიის კლასიკოსი, გამოჩენილი ოპერატორი, რეჟისორი და სცენარისტი ალექსანდრე რეხვიაშვილი. ის 82 წლისა იყო.

რეხვიაშვილმა 1962 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი (ალექსანდრე გალპერინის სახელოსნო), ხოლო 1971 წელს — ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი გერასიმოვის სახელოსნო). 1971 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში".

გარდაიცვალა თემურ ქევხიშვილი

გადაღებული აქვს ფილმები „მწვანე მდელო", „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა", „გზა შინისკენ", „საფეხური", „მიახლოება" და სხვ. დამდგმელი ოპერატორია ფილმებისა: „ალავერდობა", „მიქელა", „ფიროსმანი", „ძაღლი".

როგორც ოპერატორი მუშაობდა ოთარ იოსელიანთან, გიორგი შენგელაიასთან, სერგეი გერასიმოვთან. შეასრულა ფრანგი მხატვრის როლი გიორგი შენგელაიას „ფიროსმანში". არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ღირსების ორდენის კავალერი.

1990 წელს მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი ფილმისთვის „მიახლოება", 1979 წელს მანჰეიმის საერთაშორისო კინოფესტივალზე აიღო გრან-პრი, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის „ფიპრესის" პრიზი, გერმანიის კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისთვის „მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკა".