ეკონომიკის სამინისტრო კერძო საბავშვო ბაღებს დაეხმარება

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ქვეყანაში ბევრი სფერო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, მთავრობა მათ დახმარებას ცდილობს
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო კერძო საბავშვო ბაღებს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის გარკვეულ მიმართულებებში ჩართავს და ბანკებთან კომუნიკაციაში დაეხმარება, ამის შესახებ ინფორმაცია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელდა.

ბათუმის მერია შეღავათებს აწესებს: რას ითვალისწინებს სოციალური მხარდაჭერა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს ეხმარება. გარკვეული მხარდაჭერა კერძო საბავშვო ბაღებსაც შეეხება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა კერძო ბაღების წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა პანდემიის გამო არსებული პრობლემები განიხილეს.

„ეს არის საკმაოდ დაზარალებული სფერო, რადგან ერთ-ერთი პირველი მოყვა შეზღუდვებში, რაც განპირობებული იყო ეპიდემიოლოგიური ვითარებით. მათ აქვთ ისეთი პრობლემები, რომელიც მსგავსია სხვა ბიზნესის პრობლემებთან. მათ შორისაა ბანკის სესხები და პროცენტების გადახდა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

თურნავას თქმით, სამინისტრო მზადაა აღნიშნული სექტორი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის გარკვეულ მიმართულებებში ჩართოს და ბანკებთან კომუნიკაციაში დაეხმაროს.

მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროს წარმომადგენლები ოპტიმისტურად უყურებენ მომავალს და დიდი იმედი აქვთ, რომ როგორც კი ეპიდსიტუაცია მოწესრიგდება, ექნებათ მუშაობის დაწყების შესაძლებლობა.

ქვეყნის დიდ ქალაქებში კერძო და საჯარო ბაღები დაიხურება

საქართველოში შაბათს 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო  ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

შეზღუდვების შესაბამისად, კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად შეაჩერეს მუშაობა.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.