საქართველოში პროფგანათლების მიღების მსურველთათვის უნარების სააგენტოს დაარსება იგეგმება

პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში გამართულ ონლაინ–კონფერენციაზე მონაწილეებმა ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
Sputnik

თბილისი,  9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში იგეგმება უნარების სააგენტოს დაფუძნება, რომელიც იქნება წამყვანი სააგენტო პროფესიული განათლების კუთხით, განაცხადა სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ პროფესიული კვირეულის ფარგლებში გამართულ ონლაინ–კონფერენციაზე, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".

საქართველოში „პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული“ დაიწყო

როგორც პერტაიამ აღნიშნა, ინვესტორები ქვეყანაში ინვესტირების გადაწყვეტილებას რამდენიმე ძირითად ფაქტორზე დაყრდნობით იღებენ, კერძოდ, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის, გადასახადების და ასევე, კვალიფიციურ მუშახელზე ხელმისაწვდომობის კუთხით. დღეს კი ბიზნესსა და განათლების სისტემას შორის მოთხოვნა-მიწოდება აცდენილია.

„ჩვენი მიზანია, რომ მოთხოვნა-მიწოდების თანხვედრა მოხდეს შრომის ბაზარზე. ამ პროცესში კი სავაჭრო პალატამ გარკვეული როლი უნდა შეასრულოს. პროფესიული განათლების ხელშეწყობა პალატის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და დავიწყებთ სხვადასხვა პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა პერტაიამ.

პროფესიული განათლების კვირეული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Skills4Jobs-ის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.

ახალი შანსი: შშმ პირებისთვის პროფესიული განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდება>>

კვირეულში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენელები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროფესიული განათლების გამოწვევები COVID-19-ის ფონზე, განათლებისა და დასაქმების კუთხით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციები.