თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. სარკინიგზო მაგისტრალი ბაქო–თბილისი–ყარსი (BTK) პირველად ამუშავდა რევერსიულ რეჟიმში და თურქეთიდან ჩინეთში საქართველოს გავლით საექსპორტო მატარებელი მიემგზავრება, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
სატვირთო მატარებელი, რომელიც თურქეთიდან 4 დეკემბერს გამოვიდა, საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. განრიგის მიხედვით, სატვირთო შემადგენლობა ახალქალაქში გაჩერდება, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით ჩინეთის სიანის პროვინციაში ჩავა. მატარებელი 8,6 ათას კილომეტრზე მეტ მანძილს 12 დღეში დაფარავს.
უწყებაში ამ ფაქტს უპრეცედენტო უწოდეს და აღნიშნეს, რომ აქამდე ტვირთები ამ სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მიემართებოდა.
„ეს ნიშნავს, რომ სარკინიგზო დერეფანი მოქმედებს ორმხრივ რეჟიმში, მასპინძლობს ტვირთების მზარდ რაოდენობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ არა მარტო ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომი განვითარებისთვის, არამედ ქართული საექსპორტო პროდუქციის ჩინეთში უფრო მარტივად ჩასასვლელად და ჩინურ ბაზარზე მოსახვედრად“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
თურნავამ აღნიშნა, რომ ჩინეთი ჩვენი ნომერ პირველი საექსპორტო პარტნიორია, სადაც ქართული ღვინის საკმაოდ დიდი მოცულობა მიემართება, ამიტომ, მინისტრის თქმით, ამ ლოგისტიკის გაუმჯობესება ქართული ექსპორტის ჩინურ ბაზარზე გაზრდის ძალიან კარგი შესაძლებლობაა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ–ოქტომბერში საქართველოს საგარეო ბრუნვამ ჩინეთთან დაახლოებით 991,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 10,8%–ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის გასულის წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%–ით გაიზარდა.
ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წელს) საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.
საწყის ეტაპზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობა იქნება 6,5 მილიონი ტონა ტვირთის დონეზე, ასევე გადაყვანილი იქნება ერთ მილიონამდე მგზავრი. მომავალში სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობა შეიძლება გაიზარდოს 20 მლნ ტონა ტვირთამდე და 3 მილიონ მგზავრამდე.
სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან/კენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 2343 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.1%-ით მეტია (1734 TEU).
ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტით ავტომობილებით დატვირთულმა საიუბილეო კონტეინერმა გაიარა>>
ამასთან, დაწყებულია მუშაობა ქვეყნის შიგნით არსებული სატრანსპორტო სისტემების (მათ შორის, პორტების) და ამავდროულად სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნების საკითხებზე. ეს პროექტები და აქტივობები მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით.