ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა

ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ ეკონომიკის ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის გამო მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა ლიმიტირებულია
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება  2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო. რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში 6.5 პროცენტიდან 9 პროცენტამდე გაიზარდა.  ხოლო შერბილება კი, გამკაცრების გრძელვადიანი პერიოდის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო.

ინფლაციის დონე საქართველოში მესამე თვეა არ იცვლება – ახალი სტატისტიკა

ბოლო თვეებში წლიური ინფლაცია 3.8 პროცენტის დონეზეა. ეროვნული ბანკის  პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში ინფლაციის მაჩვენებელი 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონესთან (3%) ახლოს იმოძრავებს.

უწყების ცნობით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილების მიღებისას პანდემიის ფონზე დამატებითი შეზღუდვებით გამოწვეული წარმოების ხარჯების ზრდაც გაითვალისწინა და ის გაურკვევლობაც მიიღო მხედველობაში, რომელიც გახანგრძლივებულ პანდემიასთან და გლობალურად მოქმედ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული.

„ეკონომიკის ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის გამო მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა ლიმიტირებულია. არსებული შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება შესაძლოა უფრო ხანგრძლივად გახდეს საჭირო, რაც ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული“, - აღნიშნულია ეროვნულო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.

 უწყების ცნობით, ეკონომიკური მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, კომიტეტი მომავალში არც საპროცენტო განაკვეთის ზრდის საჭიროებას გამორიცხავს.

როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში>>

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 3 თებერვალს ჩატარდება.