მსოფლიო დღეს

ხუმრობა თუ... იდუმალი მონოლითები ესპანეთსა და გერმანიაშიც იპოვეს

მონოლითების გაჩენა აქტიური განხილვის საგანი მიმდინარე წლის ნოემბერში გახდა. აქამდე ამოუცნობი ნაგებობები ნაპოვნია ნიდერლანდებში, რუმინეთსა და აშშ-ში.
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ახალი იდუმალი მონოლითი, რომელიც სხვა ქვეყნებში ნაპოვნის მსგავსია, აღმოჩენილია ესპანეთში, თუმცა ის უკვე წაიქცა, ადგილობრივი ხელისუფლება ამას ბოროტ ხუმრობას უწოდებს.

უდაბნოში ნაპოვნი „უცხოპლანეტური“ მონოლითი სადღაც გაუჩინარდა: ვიდეო

საქმე ისაა, რომ მონოლითების გაჩენაზე მიმდინარე წლის ნოემბერში აქტიურად ალაპარაკდნენ - რამდენიმე მბრწყინავი ობელისკი აღმოჩენილია აშშ-ში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, რუმინეთსა და დიდ ბრიტანეთში.

ამჯერად მონოლითი გაჩნდა პატარა ქალაქ აილიონში მდებარე ეკლესიის ნანგრევებთან (სეგოვიას პროვინცია, კასტილიისა და ლეონის ავტონომიური თემი), იუწყება გამოცემა Norte de Castilla.

აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ ესპანურ მედიაში მერიის სახელით გაიგზავნა განცხადება, რომ მონოლითის მონახულება რეკომენდებული არაა, რადგან ობიექტთან „ასობით ადამიანი“ მიდის და კონსტრუქციასთან მიახლოება „სახიფათო“ შეიძლება იყოს.

მაგრამ აილიონის მერმა მარია ჰესუს სანსმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ როგორც მონოლითის მონტაჟი, ისე მერიის განცხადება - ვიღაცის ბოროტი ხუმრობაა, რადგან მან ადგილზე სულ ხუთი ადამიანი შენიშნა. მისი თქმით, ეს ძალიან პრიმიტიული კონსტრუქციაა, რომელიც მიწაში ჩასმული სამი ლითონის ფურცლისგან შედგება, და ის უკვე რამდენჯერმე წაიქცა.

ადრე ამერიკულმა არტ-ჯგუფმა The Most Famous Artist განაცხადა, რომ იუტას შტატში იდუმალი მონოლითი სწორედ მან დაამონტაჟა.

ხუმრობა თუ... იდუმალი მონოლითები ესპანეთსა და გერმანიაშიც იპოვეს

რაც შეეხება გერმანიას, რიგით მეშვიდე იდუმალი ვერცხლისფერი „სვეტი-მონოლითი“ ჰესენის ფედერალური მიწის ერთ-ერთ ქალაქში ამოიცნეს, იუწყება ახალი ამბების პორტალი Hessenschau. ობიექტი ზულცბახის კომუნაში ყანის პირას გამვლელებმა შენიშნეს. გამოცემის ცნობით, მონოლითის შიგნით ხის კონსტრუქციაა მოთავსებული. მონოლითის წარმომავლობის შესახებ მეტი არაფერი ცნობილი არაა.