ნიდერლანდების ელჩმა ქართველ მედია-აქტივისტებს გადასცა ჯილდო „ადამიანის უფლებათა ტიტა“

ნიდერლანდები ადამიანის უფლებების დაცვის ძლიერი მხარდამჭერია და ამ მიმართულებით მთელ მსოფლიოში მრავალ პროექტს ახორციელებს.
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდოს „ადამიანის უფლებათა ტიტას“ მფლობელი სამი ქართველი ჟურნალისტი გახდა – კონკურსის გამარჯვებულებს ჯილდო საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა იოჰანეს დუმამ გადასცა, ნათქვამია საელჩოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პრიზის ერთ-ერთი მფლობელი სათემო რადიო „მარნეულის“ დამფუძნებელი კამილა მამედოვა გახდა. 

ნიდერლანდების ელჩმა ქართველ მედია-აქტივისტებს გადასცა ჯილდო „ადამიანის უფლებათა ტიტა“

კონკურსში მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს ცაბუნია ვართაგავამ – ლგბტ და ქალთა უფლებების დამცველმა სამეგრელოდან და მანანა ქველიაშვილმა – აჭარაში მოღვაწე ჟურნალისტმა, რომელიც ადამიანის უფლებების სხვადასხვა საკითხებს აშუქებს.

საელჩო მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აღნიშნული დაჯილდოების ორგანიზების პარტნიორები იყვნენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონია ონლაინ–რეჟიმში გაიმართა.

The Human Rights Tulip – ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებული ყოველწლიური პრემიაა, რომელიც გადაეცემა უფლებადამცველს ან ორგანიზაციას, რომელიც ნოვატორული გზებით მხარს უჭერს ადამიანის უფლებების დაცვას. „ადამიანის უფლებათა ტიტა“ 2007 წელს დაწესდა. გამარჯვებულებს პრიზის სახით გადაეცემათ მცირე ზომის ქანდაკება და 100 ათასი ევრო, რომელიც გამარჯვებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს დაეხმარება საკუთარი საქმიანობის განვითარებასა და გაფართოებაში.