მოლაპარაკებები გრძელდება: ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებები ორი კვირის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობს
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე სამი დღე რჩება, „ქართული ოცნება“ პირობებს აყენებს, ოპოზიცია კი ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს უნდა გაიმართოს. ახალ პარლამენტში 90 ადგილი ექნება მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, ხოლო 60 - რვა ოპოზიციურ პარტიას. ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს და არჩევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებს.

სამშაბათს ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების შუამავლობით გაიმართა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომლის მიზანია - შეთანხმების მიღწევა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად.

მოლაპარაკებების თემები

როგორც ცნობილი გახდა, მოლაპარაკებები ოთხი თემის ირგვლივ მიმდინარეობს: რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემა და საარჩევნო გარემო.

კარლ ჰარცელი მოლაპარაკებებზე: შედეგი ყველასთვის რთული იქნება

„პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით... არსებობს ფუნდამენტური სხვაობა პოზიციების მხარეებს შორის და აქ შეთანხმების რესურსი არ ჩანს... მესამე საკითხზე გარკვეული რესურსი არსებობს... რაც შეეხება მეოთხე საკითხს, ტექნიკურ ნაწილში შეთანხმება შესაძლებელია“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პირველი ორი საკითხი მათთვის საკვანძოა და მან შეიძლება შეცვალოს მათი გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

„შევთანხმდით იმაზე, რომ ვრჩებით ჩვენ-ჩვენ პოზიციებზე. მუშაობა და მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ისე, როგორც ამას მოითხოვს ისტორია და ჩვენი ხალხი. პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება ოპოზიციის გარეშე“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

მმართველ პარტიაში კი დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე საარჩევნო გარემოს შეცვლის საკითხი იმოქმედებს.

„დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც დაგვაახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც პოლიტიკურ სტაბილურობას გამოიწვევს და გრძელვადიანი თანამშრომლობის საშუალებას მოგცემს. ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. ჩვენ პრაქტიკულად ამ საკითხზე პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოებული, შესაძლებელია სრულიად, რომ ეს გახდეს შეთანხმების მთავარი საკითხი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები პარლამენტის პირველ სხდომამდე გაგრძელდება.

„რა თქმა უნდა, 11 დეკემბერს შედგება საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, ამიტომ, ჩვენ მანამდე უნდა გამოვიყენოთ დრო და შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოლაპარაკება დავასრულოთ წარმატებით. მომდევნო დღეებშიც გვექნება ერთი ან რამდენიმე შეხვედრა და ჩვენ უკვე შევეცდებით შეთანხმებას. სხვა საკითხებზე „ქართული ოცნების" პოზიცია არ შეცვლილა. განმეორებითი არჩევნები ან მასთან მიახლოებული და დაკავშირებული რაიმე ვერსია არ განიხილება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი: გაგრძელება იქნება

როგორი შემადგენლობით გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა, დამოკიდებულია პოლიტიკურ სპექტრზე, მოლაპარაკებები არ დასრულებულა, აღნიშნა მან.

ამასთან ერთად, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა.

„თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს, არ შემოვიდეს პარლამენტში, ჩვენ რა მექანიზმიც გვქონდა, იმ მექანიზმს ავამოქმედებთ. ანუ ჩვენ მეტ დროს დავუთმობთ ამ პარტიებს იმისთვის, რომ თუნდაც მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში. მათ სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყდებათ, ეს არის საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც კონსტიტუციაშია გათვალისწინებული. ნებისმიერ დროს, მაგალითად მომავალ წელს, შეეძლებათ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში“, - განაცხადა კობახიძემ.

მაინც ვინ შევა პარლამენტში

ბოლო დროს გავრცელებული ხმების მიუხედავად, დღეისათვის არცერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ყველამ, ვინც ხელისუფლების კულუარებში დაასახელეს - პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და „გირჩის“ წარმომადგენლებმა სამშაბათს მედიებისთვის გააკეთეს მკაფიო განცხადებები და განაცხადეს, რომ „მათ პარლამენტში ვერ ვიხილავთ“.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს – რას ითვალისწინებს რეგლამენტი >>

სავარაუდოდ, პარლამენტის საბოლოო შემადგენლობა უკვე 10 დეკემბერს, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

„რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, არანაირი წინსვლა არ არის და პოზიციები არ დაახლოებულა. მაგრამ ლაპარაკს ყოველთვის აქვს აზრი მაინც“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება.