კარლ ჰარცელი მოლაპარაკებებზე: შედეგი ყველასთვის რთული იქნება

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ მესამე რაუნდის ფარგლებში კონკრეტული შედეგების მიღწევა ვერ შეძლეს, ამიტომაც მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება.
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიაჩნია, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები ყველასთვის რთული იქნება. 

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი: გაგრძელება იქნება

ორშაბათს მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგად პარლამენტში შესული მმართველი პარტიის და ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის მოქმედი სპიკერი არჩილ თალაკვაძე და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე წარმოადგენდნენ. დახურულ კარს მიღმა შეხვედრა თითქმის ექვსი საათის მანძილზე მიმდინარეობდა. შეხვედრის ყველა მონაწილემ დაიცვა საერთო შეთანხმება და მათ დეტალები არ გაახმოვანეს. თუმცა ყველამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესში გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა.

მოლაპარაკებების მორიგი, მეოთხე რაუნდი სამშაბათს უნდა გაიმართოს.

„საერთო ჯამში, ვფიქრობ, კარგი დისკუსია გვქონდა. შევეხეთ ყველა საკითხს, რომელიც დიალოგის ფარგლებში იხილება. ასევე შევძელით გარკვეული პროგრესისთვის მიგვეღწია. ვნახოთ, საერთო პლატფორმის მისაღწევად რამდენად შორს შევძლებთ წასვლას. ჩვენ, შუამავლები სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას პარლამენტის შეკრებამდე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში“, – განაცხადა ჰარცელმა.

ამასთან, დიპლომატმა აღნიშნა, რომ „აბსოლუტურად ოპტიმისტურადაა განწყობილი“.

„ეს გადაწყვეტილებები ყველასთვის რთული იქნება. ყველამ გადადგა ნაბიჯი და, ვნახოთ, რას მივაღწევთ. ეს იქნება რთული და მოითხოვს პასუხისმგებლობას იმისთვის, რომ საჭირო შედეგამდე მივიდეთ. თუმცა, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, თუ რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე“, – აღნიშნა ელჩმა.

ოპოზიციამ და „ოცნებამ“ მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის წინ კომპრომისის საზღვრები მონიშნეს>>>

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან საპასუხო წერილობითი წინადადებები მიიღეს. თუმცა მოლაპარაკებების არც ერთმა მხარემ არ გაასაჯაროვა, თუ რა კომპრომისზე წასასვლელად არიან მზად. ნათელია ერთი რამ: „ქართული ოცნება“ კატეგორიულად უარს აცხადებს ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნის – რიგგარეშე არჩევნების გამართვის საკითხის განხილვაზე.

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მთავარი შუამავლის როლს ასრულებენ. 2020 წლის დასაწყისში მათ შეძლეს მხარეების შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საარჩევნო სისტემა შეიცვალა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათივე ორგანიზებით მოწინააღმდეგე მხარეებს შორის უკვე სამი შეხვედრა შედგა, რომლებიც უშედეგოდ დასრულდა.