ციტრუსის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია

არასტანდარტულ მანდარინს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა იბარებს, ხოლო სტანდარტულს – 30-მდე გადამამუშავებელი საწარმო.
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოდან, ბოლო მონაცემებით, ექსპორტირებულია 4,6 მილიონი დოლარის ღირებულების თითქმის 9,5 ათასი ტონა მანდარინი, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახური.

მანდარინის ექსპორტი ძირითადად მეზობელ ქვეყნებში – რუსეთსა და სომხეთში ხორციელდება. ციტრუსი ასევე გააქვთ უკრაინაში, ყაზახეთსა და მოლდოვაში.

ბათუმის პორტიდან ექსპორტზე კვირაში ორჯერ 300–300 ტონა მანდარინი გადის

მანდარინის მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით აჭარაში შესაბამისი შტაბი მუშაობს. არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მიმდინარეობს.

სტანდარტულ მანდარინს მოსახლეობისგან 30-მდე საწარმო იბარებს. რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, მისი ჩაბარება ფერმერებს ქობულეთის საკონსერვო ქარხანაში შეუძლიათ.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ წელს მოსავალი, მართალია, უხვი არ არის, თუმცა ხარისხი გაუმჯობესებულია. მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათასამდე ტონას შეადგენს, აქედან ნახევარი ექსპორტზე გავა.