თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეიძლება თეთრი სახლიდან ვერტმფრენით აფრინდეს ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს, იუწყება პორტალი Axios წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ამის შემდეგ ტრამპი თვითმფრინავ Air Force One-ზე („ბორტი №1“) გადაჯდება, ფლორიდაში პოლიტიკურ მიტინგზე გაფრინდება და საკუთარი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოვა. პრეზიდენტის გეგმას გამოცემა „ფილმის მსგავს გრანდიოზულ ფინალად“ აფასებს.
ამასთან, როგორც „აქსიოსი“ წერს, გამორიცხული არ არის, ტრამპმა ფლორიდაში მომხრეებს განუცხადოს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.
პორტალის ვერსიით, ინაუგურაციის დღეს თეთრი სახლიდან გაფრენით დონალდ ტრამპს სურს თავი აარიდოს ჯო ბაიდენთან შეხვედრას.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის მოქმედი ლიდერის შტაბი არანაირ კომენტარს არ აკეთებს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
„როცა პრეზიდენტ ტრამპს მზად ექნება განცხადება 20 იანვრის გეგმებთან დაკავშირებით, ის თავად შეგატყობინებთ“, — განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯად დირმა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა, თუმცა გამარჯვებულის ვინაობა ოფიციალურად ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა. წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტის სავარძელს ჯო ბაიდენი დაიკავებს. დონალდ ტრამპი არ აღიარებს მარცხს და სასამართლოების გზით ცდილობს არჩევნების შედეგების გადახედვას.