ქართული ვაშლის ექსპორტი რუსეთში კვლავ იზრდება

მიმდინარე წლის ოთხ თვეში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 14-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოდან 1 აგვისტოდან 6 დეკემბრამდე 6,2 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 2,7 მლნ აშშ დოლარია, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

უწყების ცნობით, ამ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 14-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 2,4 მლნ აშშ დოლარითაა გაზრდილი.

საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი იზრდება

ქართული ვაშლის მთავარი ექსპორტიორი არის რუსეთი, აგვისტოდან იქ უკვე გატანილია 5,9 ათასი ტონა ვაშლი. გარდა ამისა, ქართულ ვაშლს აქტიურად ყიდულობენ ყაზახეთი, სომხეთი, სინგაპური და ჰონგ-კონგი.

წელს საქართველოში ელოდებიან ვაშლის უხვ მოსავალს - 120 ათას ტონაზე მეტს, ძირითადად შიდა ქართლის რეგიონში.

ვაშლის ექსპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში ახალი ბაღების გაშენების დასახმარებლად ხორციელდება პროგრამა „დანერგე მომავალი“. ამ პროგრამის ფარგლებში ვაშლის ბაღები 1 128 ჰექტარზე გაშენდა.

ხილის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით განხორციელდა. პროცესში ჩართულები იყვნენ  ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

საქართველოდან ექსპორტზე თითქმის 60 მილიონი დოლარის თხილი გაიტანეს

სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო იმ კომპანიებზე, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან, თითო კილოგრამზე 10 თეთრის სუბსიდიას გასცემს. პროგრამა 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

ბოლო მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში ფერმერებმა 47 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩააბარეს, შედეგად კი 10 მილიონ ლარზე მეტი მოგება მიიღეს.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში 14 კომპანიაა ჩართული.