პრაღაში თავდასხმისთვის ძებნაში მყოფი საქართველოს მოქალაქე პოლიციას ჩაბარდა

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მძიმე ზიანის მიყენების მუხლით, რაც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. პრაღაში თავდასხმისთვის ძებნაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ბაჩუკი ჯალაღონია პოლიციას ჩაბარდა, იუწყება „რუსთავი2“.

ჩეხეთის პოლიცია პრაღის ცენტრში თავდასხმის გამო საქართველოს მოქალაქეს ეძებს

ჯალაღონია ძებნაში ერთ თვეზე მეტია. ჩეხეთის მასმედიის ინფორმაციით, საქართველოს 27 წლის მოქალაქე პრაღის ცენტრში თავს დაესხა 29 წლის მამაკაცს, რომელიც საავადმყოფოში მძიმე ტრავმებით გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.

კრიმინალისტებმა თავდასხმა შეაფასეს, როგორც სხეულისთვის მძიმე დაზიანებების მიყენება, ამიტომ ეჭვმიტანილს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცი პრაღაში მეუღლესთან ერთად უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობს. ის მსგავსი დანაშაულისთვის ადრეც არის ნასამართლევი.

მისი ნასამართლეობის დამადასტურებელი ფოტო ადრე ადგილობრივმა პოლიციამ გაავრცელა. შსს-ს ინფორმაციით, ფოტოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში ბრალდებული თავად ჩაბარდა პოლიციას.