პოლონეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე ქართული ღვინოები დააჯილდოვეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ქართული ღვინის მწარმოებლებს კიდევ ერთ პრესტიჟულ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ.
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. პოლონეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე GALICJA VITIS 2020 ქართულმა ღვინოებმა რამდენიმე უმაღლესი ჯილდო დაიმსახურეს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. 

საქართველოდან ნიდერლანდებში მარნის ღვინის ნიმუშები გაგზავნეს

ღონისძიება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ეგიდით იმართება და პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ კონკურსად ითვლება. მასზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.

ღვინის კომპანია „თელავის ძველი მარნის“ ღვინომ „არჩილის ღვინო, რქაწითელი 2015“ კონკურსში ორ ნომინაციაში გაიმარჯვა: მიიღო Champion Grand Gold Medal მშრალი თეთრი ღვინოების კატეგორიაში და ასევე მოიპოვა განსაკუთრებული ჯილდო საუკეთესო ნატურალური ღვინისთვის.

გარდა ამისა, კონკურსში ოქროს მედლები საქართველოდან მიიღეს ღვინოებმა: კომპანია „გელოვანის“ ღვინო – „კახური მწვანე, 2018“, კომპანია „არტიზანი“ – Orange Affair Mtsvane Rkatsiteli, 2019 და კომპანია Katewines-ის – „ქვევრის საფერავი, 2017“.

„ეს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და ასევე წინ გადადგმული ნაბიჯია პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კონკურსის ორგანიზატორია პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდი GALICJA VITIS, რომელთანაც 2016 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.