მაჭავარიანი: 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად უკვე 14 ათასზე მეტი განაცხადია შემოსული

იმ ობიექტებში დასაქმებულმა პირებმა და ინდმეწარმეებმა, რომელთაც საქმიანობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული შეზღუდვების შედეგად შეუჩერდათ, კომპენსაციების მისაღებად რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ.
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ამ დროისათვის შემოსავლების სამსახურს 14.300-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.

ვის შეუძლია მიიღოს 300-ლარიანი კომპენსაცია: შემოსავლების სამსახური დეტალებს აქვეყნებს>>

300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდმეწარმეებისთვის, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდათ დეკემბერსა და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 100 ათასია, საერთო ბიუჯეტი 30 მლნ ლარს შეადგენს.

„განაცხადების მიღება კომპენსაციების მოთხოვნის თაობაზე დაწყებულია. ამ მომენტისთვის 14.300-ზე მეტი განაცხადია შემოსული შემოსავლების სამსახურში, რომლებიც გადაეგზავნა უკვე ჯანდაცვის სამინისტროს და მალევე დაიწყება ამ კომპენსაციების გაცემა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ივანე მაჭავარიანმა შეახსენა იმ მეწარმეებს, ვისაც შეეხო 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვები, რომ რეგისტრაციისთვის ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის პორტალით. 

„საკმაოდ მარტივი ფორმაა, იოლი შესავსები, სადაც უნდა მიუთითონ დასაქმებულის ვინაობა, ასევე მისი პირადი მონაცემები და, რაც მთავარია, საბანკო ანგარიში, რომლის შემდეგაც ჩვენ გადავგზავნით ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში და იქიდან მოხდება კომპენსაციების გაცემა“, – აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოში საშემოსავლო და ქონების გადასახადი 2021 წლის 1 იანვრამდე გადავადდა

მაჭავარიანის თქმით, რეგისტრაციის პროცესი გაგრძელდება 24 დეკემბრამდე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მეწარმეებმა მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დრო. თუმცა მონაცემების დაზუსტება 28 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.

„მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები სწორად იყოს მოწოდებული, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება იმ გადამხდელს, ვინც მოახდენს ამ ინფორმაციის მოწოდებას“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ქვეყანაში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები დააწესა, ყველაზე სერიოზული შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.