კრედიტის ფასი, ანუ ემუქრება თუ არა საქართველოს დეფოლტი?

მომავალ წელს მთავრობა დამატებით 2.1 მილიარდი ლარის მოცულობის საგარეო ვალის აღებას გეგმავს. რაში დაიხარჯება ეს ფული, რა იკითხება მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, რეალურია თუ არა დეფოლტის საფრთხე და რა პერსპექტივა აქვს ქვეყნის საკრედიტო იმიჯს?
Sputnik

სამსონ ხონელი

გიორგობისთვის მეორე დეკადის მიწურულს ვწერდი, რომ საქართველოს საგარეო ვალი უკვე არა წლიდან წლამდე, არამედ ყოველთვიურად იზრდება. ნათქვამის დასტურად მკითხველს ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიც გავაცანი. კერძოდ, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული მიმდინარე წლის ნოემბრამდე ქვეყნის საგარეო ვალი კიდევ 1,571 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 6,991 მილიარდი დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდის მხოლოდ ბოლო ერთ თვეში საგარეო საკრედიტო ვალდებულებამ 230 მილიონი დოლარით მოიმატა. მკითხველს ისიც კი შევახსენე, რომ საგარეო ვალის მოცულობა კანონით დადგენილ მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტის ნიშნულს არ უნდა გადასცდეს. არადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის უკვე 58.6 პროცენტს შეადგენს, ხოლო მომავალი წლისთვის 62 პროცენტი იქნება.

„წინასწარმეტყველება“ სარესტორნო ბიზნესს... რა იქნება შეზღუდვების მერე?

ვისი რამდენი მართებს საქართველოს, რაში იხარჯება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან თუ ცალკეული სახელმწიფოებისგან ნასესხები მილიარდობით დოლარი და რა რისკებს შეიცავს მუდმივად მზარდი საგარეო საკრედიტო ვალდებულება? ამ არცთუ მარტივ კითხვებზეც პასუხი გავეცი და წერტილიც დავსვი. ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ქვეყნის საგარეო ვალის საკითხზე უახლოეს მომავალში კიდევ ვიმსჯელებდი.

ნათქვამია, „კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“. რამდენიმე დღეა საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია. რატომ? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. მთავრობამ პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი წარადგინა და გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა დამატებით 2.1 მილიარდი ლარის მოცულობის საგარეო ვალის აღებას გეგმავს. რა გასაკვირია, არ დააყოვნა პოლიტიკური კლასის თუ საექსპერტო წრეების წარმომადგენელთა შეფასებებმა. როგორც მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, საგარეო ვალი ეკონომიკას ძალზე მძიმე ტვირთად დააწვება, ქვეყანას რეალურად დეფოლტი ემუქრება. ამ პოზიციას ექსპერტთა ერთი ნაწილიც იზიარებს, რომელიც მიანიშნებს, რომ იმ ფონზე, როცა ლარი შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაუფასურდეს, საგარეო ვალის ტვირთიც საგრძნობლად გაიზრდება. ქვეყნის საგარეო საკრედიტო ვალდებულების მაჩვენებელი კი იმდენად კრიტიკულია, რომ ქვეყანა დეფოლტის რისკის წინაშე დგას.

ლარის საშემოდგომო თავგადასავალი და მზადება ახალი წლისთვის...

„საქართველო, შესაძლოა, მაღალი რისკის ქვეყნების კატეგორიაში მოხვდეს. შედეგად – ქვეყანას დამატებით საკრედიტო რესურსის მოძიება გაუჭირდება. ამავე დროს საპროცენტო განაკვეთის პირობებიც გაუარესდება. ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო ინვესტორები საქართველოდან გავლენ“, – აცხადებს ანალიტიკოსი აკაკი ცომაია.

განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს. როგორც ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიანიშნებს, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ და სოციალურ ვითარებას ჰქონდა. ამიტომ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში თანაბარზომიერად გათვალისწინებულია როგორც მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის, ისე მისი მინიმალური სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფის საკითხი.

ვისი რამდენი გვმართებს და რატომ?

მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის განსახორციელებლად 2021 წლის მთავარი საფინანსო-პოლიტიკური დოკუმენტის პროექტი 1,14 მილიარდი ლარის დახარჯვას ითვალისწინებს. მათ შორის ჯანდაცვის დასაფინანსებლად გაწერილია 450 მილიონი ლარი. აქ შედის ინფიცირებულთა მკურნალობა, ტესტები, ვაქცინის შესყიდვასთნ დაკავშირებული ხარჯები და ა.შ. ბიუჯეტის პროექტით იზრდება პოლიციელთა და მასწავლებელთა შრომის ანაზღაურებაც. ამ და, ზოგადად, სოციალური მხარდაჭერის მიზნით 540 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული. გლობალური ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში მთავრობა ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს და საამისოდ 2021 წელს 430 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. აქ იგულისხმება საგადასახადო შეღავათები, მცირე მეწარმეებისთვის საგრანტო დახმარება, საგარანტიო ფონდი და სხვ.

ვინ, რატომ და რამდენით? ანუ კრიზისული ეკონომიკის ავი და კარგი

„გაზრდილი სოციალური ხარჯები და ბიზნესისთვის დაგეგმილი საგადასახადო შეღავათები, ცხადია, ზრდის საბიუჯეტო დეფიციტს, რომელიც მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 7,6 პროცენტის ნიშნულზეა პროგნოზირებული. ასეთ მოცემულობაში, ბუნებრივია, იზრდება სახელმწიფო ვალი, სხვაგვარად შეუძლებელია მიმდინარე სოციალური ვალდებულებების და COVID-19-ის პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესრულება", – წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი შოთა გულბანი. მისივე თქმით, სახელმწიფო ვალის 60%-იანი ზღვარი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის სტანდარტია, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განვითარებად ქვეყნებს განუსაზღვრა. ამ ნიშნულის გადაჭარბება არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ ქვეყანას პრობლემები შეექმნება.

„მომავალ წელს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60,1 პროცენტს მიაღწევს, თუმცა ეს საგანგაშო არ არის, დეფოლტზე საუბარი კი ნონსენსია", – წერს შოთა გულბანი.

საგულისხმოა, რომ ანალიტიკურ წრეებში ფრთხილი და ოპტიმისტური შეფასებები ჭარბობს. ექსპერტების დიდი უმრავლესობა საგარეო ვალის გაზრდის გარდაუვალობას ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული საბიუჯეტო დეფიციტის დაფინანსების აუცილებლობით ასაბუთებს.

რას ველოდით, რა მივიღეთ და რატომ?..

„ბევრი ქვეყანა, ჩვენზე უფრო განვითრებული ეკონომიკის ქვეყნები ზუსტად ამ პრობლემების გამო იძულებული გახდნენ, ვალის მოცულობა გაეზარდათ. ერთია ვალი და მეორეა ის, როგორ ხდება ამ ვალის მართვა, სად მიდის, რას უნდა მოხმარდეს ეს საკრედიტო რესურსი? მომავალი წლის ბიუჯეტი სოციალურად ძალიან დატვირთულია. ამ ფულით მთლიანად COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკის გასანეიტრალებლად გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯები დაფინანსდება“, − აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-იან ნიშნულს გადააჭარბებს, ამ ეტაპზე არც დეფოლტის რისკი არსებობს და უსაფუძველოა შიშიც, რომ ინვესტორები ქვეყნიდან გავლენ.  

დარწმუნებული ვარ, მკითხველს დააინტერესებს, თუ როგორია ამ საკითხზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია. საქართველოში ამ ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტის მუდმივი წარმომადგენლის სელიმ ჩაქერის შეფასებით, კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური ეკონომიკა უდიდესი კრიზისის წინაშეა, რაც, რა თქმა უნდა, არაერთი ქვეყნის ეკონომიკაზე ახდენს გავლენას. საქართველო გამონაკლისი არ არის, თუმცა საქართველოს არ მიუღია ისეთი სიმძიმის დარტყმა, როგორი მძიმეც თავად ეს კრიზისია. ამან კი საქართველოს მთავრობას კრიზისზე რეაგირების ფისკალური სივრცე დაუტოვა. საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა მთავრობას მხარი დაუჭირეს. სესხის პირობები შედარებით მსუბუქი იყო. ასე რომ, მთავრობას არ დასჭირვებია კომერციული ბანკებისგან ფულის სესხება და ბანკებსაც არ ამოწურვიათ კერძო სექტორისთვის ფულის სესხების რესურსი.

რა ხდება სავალუტო ბაზარზე? ანუ არის რეკორდის რეკორდი!..

„საქართველოს ვალი 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 62 პროცენტი იქნება, მაგრამ ის თანდათანობით დაიკლებს და 2025 წლისთვის 54 პროცენტამდე ჩამოვა. ამასობაში მთავრობა ვალდებულია ფისკალური დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტზე ნაკლები იყოს, საგარეო ვალი კი 2023 წლისთვის 60 პროცენტს ჩამოსცდეს“, − აცხადებს სელიმ ჩაქერი და იმედოვნებს, რომ დამატებითი ექსტრემალური ზომების მიღება საჭირო აღარ გახდება და ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია.

როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად შეძლებს მთავრობა, ეფექტიანად გაუმკლავდეს COVID-19-ის პანდემიას და მის უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ შედეგს, დრო გვიჩვენებს. ერთი კი ფაქტია, საგარეო ვალის რეკომენდებული ზღვარი პრაქტიკულად გადალახულია, რაც, შესაძლოა, უკვე დღეს შეშფოთების საფუძველი არ არის, მაგრამ ადვილად განჭვრეტადია, რომ არც სახარბიელო რეალობაა. ნუ დაგვავიწყდება, გლობალურ გამოწვევას ებრძვის ქვეყანა, სადაც პოლიტიკური კლიმატი უხილავი თუ ხილული ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს...