კორონავირუსით „ევექსის კლინიკების“ ორი ექიმი გარდაიცვალა

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 504 ადამიანია გარდაცვლილი.
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. „ევექსის კლინიკების“ ორი ექიმი ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

როგორც კლინიკაში აღნიშნეს, ექიმები ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალნენ. ორივე მათგანი ახალციხიდან იყო.

„ორივე იყო 70 წლამდე. ქალბატონი და მამაკაცი. მამაკაცი მკურნალობას გადიოდა ტრავმატოლოგიურ კოვიდადაპტირებულ ჰოსპიტალში. სამწუხაროდ, აღნიშნულ პაციენტებს ჰქონდათ თანმდევი ქრონიკული დაავადებები. რის ფონზეც ვირუსი უფრო რთულად განვითარდა“, – განაცხადეს „ევექსში“.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების საერთო რაოდენობა 8 ათასს აჭარბებს. გარდაცვლილია სამედიცინო სფეროს ათზე მეტი წარმომადგენელი.

კორონავირუსით დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი გარდაიცვალა >>

ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 162 475 -ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 133 511-მდე. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 504 ადამიანი გარდაიცვალა.