თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. პარიზში კვლავ მიმდინარეობს მასშტაბური საპროტესტო აქცია „გლობალური უსაფრთხოების“ შესახებ კანონპროექტის 24-ე მუხლის წინააღმდეგ, პოლიციელებს ესვრიან ქვებს, ფაიერებს, პოლიცია ცრემლსადენ აირს იყენებს, იუწყება РИА Новости.
ადრე საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა შეცვალოს კანონპროექტის მუხლი, რომელიც ეხება პოლიციელთა ფოტო და ვიდეო გადაღებას და მათი ამსახველი კადრების გავრცელებას, თუმცა საფრანგეთის პროფკავშირებმა კვლავ მანიფესტაციისკენ მოუწოდეს.
თავდაპირველად მშვიდობიანი აქცია არეულობებში გადაიზარდა: პოლიციელების მისამართით ისროლეს ქვები, ცეცხლმოკიდებული ფაიერები. პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.
პროტესტების მონაწილეებმა დაიწყეს ვიტრინებისა და ფანჯრების დამსხვრევა, ბარიკადების აგება და გარე დაკვირვების კამერების დაზიანება. მოროდიორებმა ასევე რამდენიმე მანქანა დაწვეს.
ამჯერად აქციაზე დიდი რაოდენობით პოლიცია და ჟანდარმებია მობილიზებული, გაცილებით მეტი, ვიდრე გასულ შაბათს.
აქციები საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც იმართება.
კანონპროექტის არსი
24 ნოემბერს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „გლობალური უსაფრთხოების შესახებ", რომლის 24-ე მუხლი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას და 45 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს „პოლიციელის ან ჟანდარმის სახის ან იდენტიფიკაციის სხვა ელემენტის გამოსახულებისათვის, მათი ფიზიკური ან ფსიქიკური ხელშეუხებლობისთვის აშკარა ზიანის მიყენების მიზნით“.
შესწორებაში, რომელიც ამ მუხლში შევიდა, ზუსტდება, რომ ეს ზომა ვერ დაარღვევს ინფორმაციის ცოდნის უფლებას.
სტატიამ მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია ჟურნალისტების საზოგადოებაში. მედიის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სიტყვის თავისუფლებას ზიანი მიადგება, რადგან მანიფესტაციების დროს ძალოვანების ქმედებების გადაღება შეუძლებელი გახდება.
მთავრობაში კი განაცხადეს, რომ დოკუმენტი ამ უფლებას არ არღვევს.
პარიზში ამ კანონპროექტის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე აქცია გაიმართა. ბევრჯერ მანიფესტაციები დემონსტრანტების და პოლიციის შეტაკებებით დასრულდა.