თბილისში ქურდული სამყაროს ორი წარმომადგენელი ბიზნესმენის მიმართ მუქარის ფაქტზე დააკავეს

ისინი უცხოეთში მცხოვრები კანონიერი ქურდის სახელით მოქმედებდნენ და ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას ფლობდნენ
Sputnik

თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს ორი პირი, რომლებიც კანონიერი ქურდის ბორია აფაქელას სახელით ბიზნესმენს ფულად თანხას სძალავდნენ, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბრძოლა ქურდულ სამყაროსთან: 14 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები კანონიერი ქურდის სახელით თეთრიწყაროში მოღვაწე ბიზნესმენს ქურდული სამყაროს სასარგებლოდ 10 ათასი დოლარის გადახდას აიძულებდნენ. ბიზნესმენს იარაღის დემონსტრირებით დაემუქრნენ, რომ მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მას ძალის გამოყენებით გადაიყვანდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ საქმის გარჩევის მიზნით, ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციის თანამშრომლებმა ორივე პირი თბილისის ცენტრალურ რაიონში მას მერე დააკავეს, რაც ბიზნესმენმა მათ მოთხოვნილი თანხის ნახევარი გადასცა.

პოლიციამ, დაკავებულების ავტომანქანის ჩხრეკისას, 5 000 აშშ დოლარი, ხოლო დროებითი საცხოვრებელი სახლიდან - 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დაკავებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

ამჯერად „ქურდული სამყაროს“ წევრობას, ასევე, ჯგუფურად ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.