თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს 20-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მისაღებად 15 ათას დოლარამდე ოდენობით გირაო დაუწესოს, იუწყება CBS News.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, ახალი წესები იმ ქვეყნების მიმართ იქნება გამოყენებული, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად არღვევენ სავიზო ვადებს და აშშ-ში რჩებიან. მათი თქმით, ეს თანხა იქნება ერთგვარი გარანტია იმისა, რომ ვიზიტორები ქვეყნის სავიზო კანონს არ დაარღვევენ.
ცნობილი ხდება, რომ ექვსთვიანი საპილოტე პროგრამა 24 დეკემბერს იწყება. სწორედ ამ დღიდან ეძლევათ აშშ-ის საკონსულოების თანამშრომლებს უფლება, ტურისტული თუ საქმიანი ვიზების გაფორმებისას 5, 10 ან 15 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს შეტანა მოსთხოვონ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლის მსურველებს. თანხის მოთხოვნისას გათვალისწინებული იქნება ვიზიტის მიზანი, მოქალაქის შემოსავლის ოდენობა, განათლება და სხვა მონაცემები. თუ ვიზიტორი სავიზო რეჟიმს არ დაარღვევს, თანხა სრულად დაუბრუნდება აშშ-დან გასვლის მომენტში.
აღსანიშნავია, რომ ახალი წესები ძირითადად აფრიკის სახელმწიფოებს, ასევე ირანს, სირიასა და იემენს შეეხება.
როგორც გამოცემა წერს, ჯერჯერობით უცნობია, დატოვებს თუ არა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ძალაში ახალ წესებს მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ სტუდენტებსა და იმიგრანტებზე ეს სიახლე არ გავრცელდება.