საქართველო მსოფლიოში პირველია ბიზნეს-ურთიერთობებში კორუფციისგან თავისუფლების კუთხით

შარშანდელთან შედარებით წელს საქართველოს ადგილი რეიტინგში 1 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანამ 25 ქულა მიიღო.
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. კორუფციული რისკების რეიტინგში (TRACE Matrix) საქართველომ 194 ქვეყანას შორის 28-ე ადგილი დაიკავა, ამას მოწმობს არაკომერციული ბიზნეს-ასოციაცია TRACE International-ის მონაცემები.

ყოველწლიური კვლევები ეფუძნება 4 კრიტერიუმს - ურთიერთქმედების დონე ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის დონე და მისი განხორციელება, მთავრობისა და საზოგადოებრივი სერვისების გამჭვირვალეობის დონე, ასევე ქვეყანაში სამოქალაქო კონტროლის შესაძლებლობების დონე, მედიის როლის ჩათვლით. ეს კრიტერიუმები 9 ქვეკომპონენტს მოიცავს.

  • TRACE Matrix ამერიკული ანალიტიკური ცენტრ RAND Corporation-თან თანამშრომლობით 2014 წელს შემუშავდა.

„ჩვენ მსოფლიოში საუკეთესონი ვართ ბიზნესსა და მთავრობას შორის ინტერაქციის მიხედვით. ეს, პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს ჩვენი პროგრამებით, ჩვენი დახმარებებით, გარკვეული სახელმწიფო სერვისებით სარგებლობისთვის და ნებართვის მისაღებად, არ სჭირდება ფიზიკური ურთიერთობა სამთავრობო უწყებებთან და იქ დასაქმებულ საჯარო მოხელეებთან,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველო ახალ რეიტინგში

წელს საქართველოს ადგილი რეიტინგში წინა წელთან შედარებით ერთი პოზიციით გაუარესდა, ქვეყანამ 25 ქულით 194 ქვეყანას შორის 28-ე პოზიცია დაიკავა, ხოლო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა. 2019 წელს ქვეყანამ 26 ქულით 27-ე ადგილი დაიკავა.

41-ე ადგილიდან 44-ზე – საქართველოს პოზიციები კორუფციის ინდექსში გაუარესდა

ევროპაში საქართველომ მე-19 ადგილი დაიკავა და ევროკავშირის 14 ქვეყანას გაუსწრო.

არსებული მეთოდოლოგიით, თითოეულ ქვეყანას ენიჭება კორუფციის რისკის საერთო ქულა და თითოეული მიმართულება ფასდება 1-დან 100-მდე ქულით, სადაც 1 ქულა მიუთითებს კორუფციის დაბალ დონეზე ან მის არარსებობაზე, ხოლო 100 ქულა - კორუფციის მაღალ დონეზე.

მთავრობასთან ბიზნესის ურთიერთკავშირის კომპონენტში საქართველოს მინიჭებული აქვს 17 ქულა, რომელიც ემყარება მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალ დონეს (ერთი ქულა), კორუფციის დაბალ მოლოდინსა (35 ქულა) და დაბალ მარეგულირებელ ტვირთს (28 ქულა). ეს მაჩვენებელი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად უწევთ მეწარმეებს სხვადასხვა დონის ჩინოვნიკებთან კონტაქტის დამყარება, რა დროსაც შესაძლებელია ქრთამის მიცემა.

აღნიშნულ ინდიკატორში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა კანადა, იაპონია, ლუქსემბურგი, ირლანდია, აშშ, ავსტრია, ბელგია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, მეზობელი ქვეყნები და სხვ.

წულუკიანი: კორუფცია არა მხოლოდ საჯარო სექტორში საჭიროებს პრევენციას, არამედ ბიზნესშიც

ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და აღსრულების კომპონენტში საქართველოს მინიჭებული აქვს 39 ქულა, სამოქალაქო მომსახურების გამჭვირვალობის კომპონენტში - 26 ქულა. სამოქალაქო კონტროლის დონით ქვეყანას მიენიჭა 28 ქულა.

ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყანად აღიარებულია ირლანდია. მეორე ადგილი ნორვეგიამ დაიკავა, მესამე - ფინეთმა, მეოთხე - შვედეთმა, მეხუთე - ახალმა ზელანდიამ. ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყნების ათეულში ასევე შედიან ნიდერლანდები, შვეიცარია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ისლანდია.

TRACE Matrix-ის ვერსიით, კორუფციის მხრივ ყველაზე სარისკო ქვეყნებია ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი, სამხრეთ სუდანი, ვენესუელა და ერიტრეა.