პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ახალ წლამდე იქნება მიღებული

მომავალი წლის ბიუჯეტი მიმართულია პანდემიასთან ბრძოლისკენ, მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარებისკენ, ასევე ეკონომიკის აღდგენისკენ, განაცხადა გახარიამ.
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია, რომელიც სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს, შეცვლის გადაწყვეტილებას და მონაწილეობას მიიღებს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვაში.

პარლამენტის პირველი სხდომა 13 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს. პირველი სხდომის დღეს ოპოზიციონერი დეპუტატები გეგმავენ ხელი მოაწერონ მემორანდუმს იმის თაობაზე, რომ არ შევლენ პარლამენტში და მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას. 

რა თანხები გამოიყოფა ბიუჯეტიდან ანტიკრიზისულ გეგმაზე 2021 წლისთვის

„ბიუჯეტი არის ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და, შესაბამისად, დაავალა ქვეყნისთვის მსგავსი, სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობის მიღება. იმედი გვაქვს, ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე ჩვენ გვექნება ბიუჯეტის ირგვლივ საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიების შესაძლებლობა“, – აღნიშნა გახარიამ ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

2021 წლის საქართველოს ბიუჯეტის მიზანი

გახარიას თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი მიზნად ისახავს პანდემიასთან ბრძოლას, მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარებას, ასევე ეკონომიკის აღდგენას. 

რა დახმარებას ითვალისწინებს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – დეტალური ინფორმაცია

„ბიუჯეტი არის დაბალანსებული, რომლის ძირითადი მიზნებია პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის და, რა თქმა უნდა, ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული ეკონომიკის აღდგენისთვის. ეს არის ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ სავალუტო ფონდთან ერთად. წარმოდგენილია დაბალანსებული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კრიზისში, აუცილებელია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ეკონომიკური კრიზისის გამკლავებაში“, – აღნიშნა გახარიამ.

კორონავირუსთან ბრძოლის ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1,4 მილიარდი ლარი. 280 მილიონი 2020 წელს დაიხარჯება, დარჩენილი 1,1 მილიარდი ლარი კი - 2021 წელს.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 450 მილიონი ლარი მოხმარდება ჯანდაცვის სფეროს, აქედან 400 მილიონს მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, 50 მილიონს - ეკონომიკის სამინისტრო. თანხა კორონავირუსით დაავადებულების მკურნალობას, ტესტების, ვაქცინების შეძენას და ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებს მოხმარდება. 

მომავალი წლის 1 იანვრიდან პენსიები იზრდება

გარდა ამისა, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მოქალაქეთა მიზნობრივი დახმარებაც, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოიყოფა 540 მილიონი ლარი, ბიზნესის მხარდასაჭერად კი 430 მილიონი ლარი.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეიდან დაიწყება შემოსავლების სამსახურში იმ მოქალაქეთა განცხადებების მიღება, რომელთაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს.

„ფინანსთა სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალება, რომ ეს დახმარება გაიცეს ახალ წლამდე, ხოლო მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ შესაბამის დაწესებულებას, რათა მათ ეს დახმარება მიიღონ“, – აღნიშნა გახარიამ.

მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ასევე პენსიების ზრდა. კანონმდებლობის თანახმად, პენსია ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს, პენსიონერებს კი არ უნდა უწევდეთ ლოდინი არჩევნებიდან არჩევნებამდე, ხაზგასმით აღნიშნა გახარიამ.

საქართველოში მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად, 70 წლამდე პენსიონერების პენსია მოიმატებს ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერების პენსია - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით. 

საქართველოში საშემოსავლო და ქონების გადასახადი 2021 წლის 1 იანვრამდე გადავადდა

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერები მიიღებენ 240-ლარიან პენსიას, 70 წელს გადაცილებულები კი 275-ლარიან პენსიას. ქვეყნის ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილია 2,6 მილიარდი ლარი. დღეისათვის პენსიონერები 220 ლარს იღებენ, 70 წელს გადაცილებულები - 250 ლარს.

გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისის პირობებში იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი (4 მილიარდი ლარი).

მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფისთვის 103 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს.

გარდა ამისა, მომავალი წლიდან გაიზრდება განათლების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროსა და იმ უწყებების დაფინანსება, რომლებზეც პოსტკრიზისულ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა დამოკიდებული.