როგორ მოხიბლა ქისტმა გოგომ ქართველი რეჟისორები – დუისელი ქალბატონის მოგონებები

ცხოვრება სიურპრიზებს ისეთ დროს გვიმზადებს, როცა საერთოდ არ ველით. პანკისის ხეობაში მცხოვრები13 წლის გოგო თავის დროზე ვერც წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს ცნობილი ქართველი რეჟისორების ყურადღებას მიიქცევდა...
Sputnik

საუბარია ქორეოგრაფ ნაზი გაურგაშვილზე, რომელიც დუისში მცხოვრები მოზარდებისთვის საკუთარი ინიციატივით დაარსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიას და თეატრალურ წრეს ჩაუდგა სათავეში. წლებია, რაც ქისტი ქალბატონი პანკისის ხეობაში კულტურის საქმეს სიყვარულით ემსახურება.

მის ცხოვრებაში იყო ბედნიერი დრო, როდესაც ურთიერთობა ჰქონდა და პარტნიორობას უწევდა ისეთ ხელოვანებს, როგორებიც იყვნენ გიორგი შენგელაია, თენგიზ არჩვაძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე, ლია ელიავა, ნანა მჭედლიძე, გია ფერაძე, სოფიკო ჭიაურელი, გურამ ფირცხალავა... დღეს ძველ ამბებს მისი ცხოვრების ფილმში შესული კადრებივით იხსენებს.

როგორ მოხიბლა ქისტმა გოგომ ქართველი რეჟისორები – დუისელი ქალბატონის მოგონებები

- ქალბატონო ნაზი, პანკისის ხეობაში ნაციონალური ცეკვა და სიმღერა ყოველთვის აქტუალური იყო და თქვენ წლებია ამ ეროვნულ საქმეს ემსახურებით...

- სპეციალობით ქორეოგრაფი ვარ, დუისის კულტურის სახლში ქორეოგრაფად და კულტურის სფეროს სპეციალისტად წლების განმავლობაში ვმუშაობ. ჩვენ სულში და სისხლში გვაქვს ცეკვის სიყვარული, აქაური პატარა ბავშვიც რომ გაიყვანო სცენაზე, ისიც იცეკვებს. აქ გახსნილი გვაქვს ცეკვის ჯგუფი, რომელსაც კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. სამწუხაროდ, პანდემიასთან დაკავშირებით უმოქმედოდ დავრჩით. დარწმუნებული ვარ, კარგ საქმეს ვაკეთებთ, რადგან ნაციონალური ცეკვა არ უნდა დაიკარგოს და მომავალ თაობებს უნდა შევუნახოთ.

როგორ მოხიბლა ქისტმა გოგომ ქართველი რეჟისორები – დუისელი ქალბატონის მოგონებები

- თქვენზე ამბობენ, ახალგაზრდობაში ულამაზესი იყავით და ბევრი ცნობილი რეჟისორის ყურადღება მიიქციეთ...

- მგონი, გადაჭარბებული შეფასებაა. როცა დღეს ვიხსენებ ძველ ამბებს, ბედნიერი ვარ. მერვე კლასში ვიყავი, როცა რაიონში ჩამოვიდა რეჟისორი ლია ელიავა, რომელიც თავისი ფილმისთვის „ფერმა მთაში“ მთავარი გმირის ლელას შემსრულებელს ეძებდა. ადრე რაიონში ტარდებოდა ოლიმპიადები, რომელზეც მე და ჩემი დები ყოველთვის გამოვდიოდით, ვცეკვავდით და ვმღეროდით. სწორედ იქ შენიშნეს ჩემი და, ჩაიწერეს მისი სახელი, გვარი და მისამართი, მაგრამ როცა მე დამინახეს, არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ამ ამბავს ოჯახიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. თუმცა ბოლოს მაინც დამთანხმდნენ.

როგორ მოხიბლა ქისტმა გოგომ ქართველი რეჟისორები – დუისელი ქალბატონის მოგონებები

- ამ ფილმში ცნობილ მსახიობებს უწევთ პარტნიორობას, ვის გაიხსენებთ?

- ფილმში მამის როლს ასრულებს თენგიზ არჩვაძე, დედის როლში ზინაიდა კვერენჩხილაძეა. იშვიათი შესაძლებლობა მომეცა, რომ ასეთ დიდ მსახიობებთან მქონოდა ურთიერთობა, ამაზე ვერც ვიოცნებებდი. ფილმი „ფერმა მთაში“ ერთ ოჯახზეა, რომლის წევრი მეც ვარ. ფილმში სასიყვარულო თემაცაა – მწყემს ბიჭს და მე ერთმანეთი მოგვეწონება. მსახიობების გარდა ძალიან კარგად მახსენდება არაჩვეულებრივი პიროვნება, ცნობილი მხატვარი თენგიზ მირზაშვილი, რომელიც ფილმის მხატვარი იყო. ამავე პერიოდში გავიცანი რეჟისორი რეზო გაბრიაძე.

როგორ მოხიბლა ქისტმა გოგომ ქართველი რეჟისორები – დუისელი ქალბატონის მოგონებები

- რეზო გაბრიაძესა და თენგიზ მირზაშვილთან ბოლომდე მეგობრობდით...

- რეზო გაბრიაძე და ჩუბჩიკა ალვანში ხშირად ჩამოდიოდნენ. არ არსებობდა, რომ აქ ჩამოსულებს მე არ ვენახე. ძალიან ახლოს ვიყავით, ვმეგობროდით. სტუდენტობის პერიოდში ჩუბჩიკასთან ყოველ კვირა დავდიოდი. მასთან სტუმრობა ძალიან მიყვარდა, ერთი სიამოვნება იყო, როდესაც ხატვის დროს მას თვალს ვადევნებდი. მთელი კედლები ნახატებით ჰქონდა სავსე და ხატვის გარეშე წუთი ვერ ჩერდებოდა. თბილად მახსენდება მისი მეუღლე, ქალბატონი მანანა და შვილები გია და ნატო. რეზო გაბრიაძესთან დაკავშირებით მახსენდება ამბავი, როცა სამსახურიდან თბილისში გამგზავნეს კურსებზე. მის სანახავად თეატრში მივედი და რეზომ მთელი ჩვენი ჯგუფი სპექტაკლზე დაპატიჟა. ძალიან ბედნიერები ვიყავით.

როგორ მოხიბლა ქისტმა გოგომ ქართველი რეჟისორები – დუისელი ქალბატონის მოგონებები

- ისევ ფილმებს რომ დავუბრუნდეთ, ასეთი მსახიობების გვერდით როლში შესვლა არ გაგიჭირდათ?

- რა თქმა უნდა, სოფლელ გოგოს ასეთ ხალხთან თამაში კი არა, თავიდან ურთიერთობაც გამიჭირდა, ძნელი იყო გავხსნილიყავი. ფილმში არის ეპიზოდი, სადაც გარმონზე ვმღერი. სიმღერას სინამდვილეში ლელა თათარაიძე ასრულებს. ამ კადრის გადაღების პირველ დღეს ვერ ვიმღერე, რამდენიმე დუბლი გადავიღეთ და არაფერი გამოვიდა. შემდეგ მსახიობები გვერდით დამისხდნენ, მასპინძელმა ადგილობრივი კერძი - ხაჭო-ერბო მოიტანა და ჩვენ შორის უშუალო, თბილი საუბარი გაიმართა. ამის მერე გავიხსენი და ხასიათზე მოვედი.

როგორ მოხიბლა ქისტმა გოგომ ქართველი რეჟისორები – დუისელი ქალბატონის მოგონებები

- ამ ფილმით არ დასრულებულა თქვენი კინოროლები?

- დიახ, შემდეგი ფილმის დროს მეათე კლასში ვიყავი. მაშინ გიორგი შენგელაიამ მიმიწვია ფილმში „ქვიშანი დარჩებიან“. ფილმში მთავარი როლები ჰქონდათ გურამ ფირცხალავას, სოფიკო ჭიაურელს, მერაბ ელიოზიშვილს და სხვებს. აქაც მთავარი როლი მქონდა. ფილმში გურამ ფირცხალავა ქალაქიდან ჩამოსული ჩვენი ოჯახის მდგმურია, რომელსაც თავისი მანქანით ყოველ საღამოს სახლში მოვყავარ. ერთ ეპიზოდში მან ვითომ შემაცდინა და თავს ვიწამლავ. მართალია, იმ სცენაში არაფერი ჩანს, მაგრამ ამ როლმა ჩვენს ხალხში მაინც გამოიწვია პატარა უკმაყოფილება, რადგან აქ ასეთ რამეს ვერ იგებენ. საბოლოოდ ძალიან საინტერესო ფილმი გამოვიდა.

როგორ მოხიბლა ქისტმა გოგომ ქართველი რეჟისორები – დუისელი ქალბატონის მოგონებები

- ამას სხვა როლებიც მოჰყვა?

- დიახ, ამას მოჰყვა ნანა მჭედლიძის ფილმი „გასერნება თბილისში“, რომელიც ნოველებისგან შედგება. ფილმში მე ვარ ნოველაში, რომელსაც „ბიძია მალხაზი“ ჰქვია. მთავარ როლში გია ფერაძე იყო.

როგორ მოხიბლა ქისტმა გოგომ ქართველი რეჟისორები – დუისელი ქალბატონის მოგონებები

- გია ფერაძესთან დაკავშირებით რა დაგამახსოვრდათ?

- ერთ ეპიზოდში გია ფერაძისთვის სილა უნდა გამეწნა, მაგრამ ვერ ვიმეტებდი. ნანა მჭედლიძე კი მიყვიროდა – დაარტყი! მაგრად დაარტყი! თავად გიაც მაქეზებდა – დამარტყი, ნუ გეშინია, არ მეტკინებაო. ბევრი დუბლი გადავიღეთ. ბოლოს ამომივიდა ყელში და როგორც იქნა, გავიმეტე, სცენაც კარგი გამოვიდა. ამის შემდეგ იყო ეპიზოდური როლები: ლეილა აბაშიძის ფილმში „თბილისი-პარიზი-თბილისი“, „გვადი ბიგვაში“, სადაც კურსელებთან ერთად ვიცეკვე. შემდეგ გადაღებაზე კრასნოდარშიც მიმიწვიეს, მაგრამ იქ აღარ გამიშვეს.

- ასეთი გამოცდილების შემდეგ ლოგიკური იქნებოდა სამსახიობოზე ჩაგებარებინათ...

- სამსახიობოზე არა, მაგრამ რადგან ცეკვა მიყვარდა, ქორეოგრაფიულზე ჩავაბარე. ჩემი საყვარელი ცეკვა მთიულურია, ამ ცეკვაში კარგად ჩანს მთაში მცხოვრები ადამიანის ხასიათი და ლაღი ბუნება. დუისში ცეკვის წრის გარდა მოსწავლეებისთვის დავაარსე დრამატული წრე, სადაც სკეტჩებსა და მინიატურებს ვდგამთ. ნიჭიერმა პოეტმა და ლიტერატორმა ნანა ქიბროწაშვილმა მოგვაწოდა პიესა „ჭადრის ჩრდილი“, რომელიც უნდა დაგვედგა, მაგრამ კოვიდის გამო ვერ მოვახერხეთ.

- რას ეტყვით დღეს ქართველებს პანკისის ხეობიდან?

- მე როგორც ჩემი პანკისი, ასევე მტკივა მთელი საქართველო. ამ პანდემიის დროს მინდა ისინი გავამხნევო, პანიკაში არ ჩავარდნენ და სიმშვიდე შეინარჩუნონ, რაც მთავარია, ექიმების მითითებები შეასრულონ. უფლის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება...