ლომჯარია: ანტიკრიზისულ გეგმაში კვლავ არაა სათანადოდ გათვალისწინებული შშმ პირთა საჭიროებები

სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფოს მოუწოდებს, დროულად მოაგვაროს პანდემიის პირობებში შშმ პირებთან დაკავშირებული პრობლემები, რათა მათი ღირსეული ცხოვრების პირობები იყოს უზრუნველყოფილი.
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მორიგ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში კვლავ არ არის სათანადოდ გათვალისწინებული შშმ პირთა საჭიროებები, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ გატარებული ღონისძიებები არ არის ქმედითი და არ პასუხობს შშმ პირთა ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა თანხები გამოიყოფა ბიუჯეტიდან ანტიკრიზისულ გეგმაზე 2021 წლისთვის>>

დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ის გაეროს ინიციატივით 1992 წლის 3 დეკემბერს დაარსდა და ყოველწლიურად აღინიშნება მთელ მსოფლიოში. მისი მიზანი საზოგადოების განვითარების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვის წახალისება და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. მიმდინარე წელს ამ დღის თემაა „ვაშენოთ უკეთ: ინკლუზიური, მისაწვდომი და მდგრადი კოვიდ-19-ის შემდგომი მსოფლიო“.

შშმ ბავშვების მხარდასაჭერად საქველმოქმედო ონლაინ–აუქციონი გაიმართება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ყურადღებას ამახვილებს იმ პრობლემებზე, რაც ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა, კარანტინისა და იზოლაციის რეჟიმმა მოახდინა შშმ პირებსა და მათ ოჯახებზე. ერთ-ერთ პრობლემად გამოიკვეთა ახალი კორონავირუსის შესახებ მათთვის მისაწვდომი ფორმებითა და საშუალებებით მათი ინფორმირება. ასევე შეჩერებულია შშმ პირებისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდება, ხარვეზებით მიმდინარეობს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესი სწავლების ყველა საფეხურზე, გამოწვევას წარმოადგენს როგორც მისაწვდომი ფორმატებით დისტანციური სწავლება, ასევე საკომუნიკაციო საშუალებებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა.

სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებსა და ფსიქიატრიულ სტაციონარულ კლინიკებში სათანადოდ არ არის დაცული ინფექციის გავრცელებისა და კონტროლის წესები, ეფექტურად არ სრულდება COVID-19-ის პირობებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მკურნალობის პროტოკოლები, აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ახალი შანსი: შშმ პირებისთვის პროფესიული განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდება

ლომჯარია მიიჩნევს, რომ არსებული პრობლემების დროული მოგვარება მნიშვნელოვანია შშმ პირთა უფლებების სათანადოდ დაცვისთვის და მათი ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფისთვის.

ომბუდსმენი ასევე მოუწოდებს სახელმწიფოს, დაიწყოს მუშაობა COVID-19-ის შემდგომ პერიოდში ქვეყანაში სტაბილური და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვაზე და ამ პროცესში აქტიურად დაუჭიროს მხარი შშმ პირთა, მათი ოჯახებისა და კანონიერი წარმომადგენლების, შშმ პირთა ორგანიზაციების ჩართულობასა და თანაბარ მონაწილეობას.