ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა: მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბა

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნულმა ბანკმა რვა თვეში უკვე 25 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც ჯამში 843,2 მილიონი დოლარი გაყიდა.
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც ლარის კურსმა დოლარის მიმართ შეადგინა 3,3111 GEL/$1.

რატომ არ მოქმედებს ლარის კურსის დინამიკა ფასებზე: გვენეტაძის განმარტება

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე გამოიტანა 25 მილიონი დოლარი, თუმცა მოთხოვნილება ვალუტაზე ჩამოუვარდებოდა შეთავაზებას და მხოლოდ 19,8 მილიონი დოლარი გაიყიდა.

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით გაზაფხულიდან მოყოლებული ეროვნულმა ბანკმა რვა თვეში უკვე 25 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც ჯამში 843,2 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის ანტირეკორდი 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი დაეცა ნიშნულამდე 3,4842 GEL/$1.

პარასკევს, 4 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა ნიშნულზე 3.3119 GEL/$1.

  • დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

როგორც ამას წინათ ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, ის გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და სააღრიცხვო განაკვეთებს.

რა იქნება საქართველოს ეკონომიკის ზრდის მიზეზი 2021 წელს

სავალუტო აუქციონებთან ერთად ეროვნული ბანკი ზედმეტი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი გარკვეულ თანხაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობს.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.