ცნობილი გახდა „წინანდლის პრემია 2020“-ის ლაურეატების ვინაობა

კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს შეეძლოთ წარედგინათ 2020 წლის განმავლობაში რეალიზებული საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები.
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ზურაბ ჟვანის სახელობის „წინანდლის პრემიის“ ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში 2020 წლის ლაურეატები გამოავლინა.

ნომინაციაში „თეატრალური ხელოვნება“ გაიმარჯვა შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის რეჟისორმა დავით თურქიაშვილმა სპექტაკლისთვის „უხერხემლო“.

ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე 2021 წელს ოთხი ქართველი საბავშვო მწერალია წარდგენილი

კინოხელოვნების კატეგორიაში გაიმარჯვეს კინორეჟისორებმა საბა ქარელმა და მირიან ორაგველიძემ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის „მამის პორტრეტი ინტერიერში“.

კატეგორიაში „მუსიკალური ხელოვნება“ ლაურეატი გახდა ანუშკა ჩხეიძე - ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი სადებიუტო ალბომისთვის Halfie (CES Records).

ნომინაციაში „მხატვრული ლიტერატურა (პოეზია)“ გაიმარჯვა პოეტმა გიორგი შონიამ პოეტური კრებულით „რობოტების ყვავილები“, ხოლო ამავე ნომინაციის პროზის კატეგორიაში მწერალმა ივა ფეზუაშვილმა რომანით „ბუნკერი“.

„სახვითი ხელოვნების“ კატეგორიაში ლაურეატია მხატვარი შოთიკო აფციაური ინსტალაციით „ტყის ჭრა, ტაძრის შენება“.

ქართველი მხატვარი აშშ-ში სამხატვრო აკადემიის მაგისტრი გახდა

კატეგორიაში „ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“ გაიმარჯვა მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტმა ცოტნე ჩიტიაშვილმა ნაშრომისთვის „ცილების ნაკრები განაპირობებს Xist არამაკოდირებელი რნმ-ის ლოკალიზაციას ბირთვში და გენების ინაქტივაციას“.

კატეგორიაში „ჰუმანიტარული მეცნიერებები“ გამარჯვება ერგო ისტორიკოს ნიკა ხოფერიას ნაშრომისათვის „გვიან ანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია“.

„წინანდლის პრემიის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებით, პრიზებითა და ფულადი ჯილდოებით.

კონკურსი დისტანციურ ფორმატში 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს 2020 წლის განმავლობაში რეალიზებული საინტერესო პროექტების წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ.