„ნერვების გამოცდას გვიწყობენ“ – რიჟვაძე საპროტესტო აქციებზე ბათუმში

ხელისუფლება მოქალაქეების პროტესტს არ შეზღუდავს, თუმცა თუ ის კანონის ფარგლებს გასცდება, ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება, აღნიშნა აჭარის მეთაურმა.
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ბუშტების პერფორმანსი აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმში მეასეხარისხოვანი წარმოდგენა იყო, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები უკვე რამდენიმე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურიან აქციებს მართავენ და რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. გუშინ დემონსტრანტებმა საჰაერო ბუშტების გაშვება სცადეს, რასაც პოლიციამ შეუშალა ხელი. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ბათუმში საპროტესტო აქციაზე ისევ პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა

რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ყოველთვის მზად არის ნებისმიერ მოქალაქესთან შესახვედრად, რომელსაც კონკრეტული პრობლემა აქვს, მაგრამ მას და მის გუნდს არანაირი სურვილი არ აქვთ, უპასუხისმგებლო წარმოდგენებში მიიღონ მონაწილეობა.

„ვერც ერთი ცალკე აღებული პიროვნება, მიუხედავად იმისა, თუ რა კონკრეტულ პერფორმანსს დადგამენ ისინი და როგორ შეეცდებიან ჩვენი და, პირველ რიგში, სამართალდამცველების ნერვების გამოცდას, ვერ მიაღწევს თავის საწადელს“, – განაცხადა რიჟვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის არანაირი ქმედება არ მოახდენს გავლენას მთავრობის დღის წესრიგზე და ყველა საკითხი გეგმის მიხედვით იქნება განხილული. მან ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეების პროტესტს არავინ შეზღუდავს, მაგრამ თუ ის კანონის ფარგლებს გასცდა, მაშინ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება.

საპროტესტო აქცია ბათუმში: მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან კაფე გახსნეს>>

ბათუმში აქციები თითქმის ერთი თვეა გრძელდება. ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.