თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. მომავალი წლის იანვრიდან სრული დატვირთვის (15 საათი) მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, სახელფასო დანამატი, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად, გაეზრდებათ იმ პედაგოგებსაც, რომლებსაც არ აქვთ სრული დატვირთვა.
პედაგოგების ხელფასების ზრდა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია ჩადებული, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
„ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, არსებული პანდემიის პირობებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებასა და ბიუჯეტის ყოველწლიურ ზრდას გულისხმობს, ძალაში რჩება“, – განაცხადა დგებუაძემ
საქართველოში სკოლის მასწავლებლები ოთხ კატეგორიად იყოფიან: პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები, მეორეზე – უფროსი მასწავლებლები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორები.
მომავალი წლის 1 იანვრიდან პენსიები იზრდება>>
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პედაგოგებს 2022 წლამდე ყოველ შემოდგომაზე განსაზღვრული სქემით მოემატებათ ხელფასები და 2022 წლისთვის მათი ანაზღაურება პიკს მიაღწევს. შესაბამისად, უფროს მასწავლებელს – 1700 ლარი ექნება, წამყვან მასწავლებელს – 2135 ლარი, ხოლო მენტორ მასწავლებელს – 2445 ლარი.