აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება: დამუშავებულია 325,7 ათასი ჰექტარი მიწა

გარემოზე პესტიციდების გავლენის შესამცირებლად წელს აქცენტი გაკეთდა „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების ტექნოლოგიის გამოყენებაზე.
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. წელს საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით 325,7 ათასი ჰექტარი მიწა დამუშავდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, ბრძოლა მავნებლის წინააღმდეგ მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ჩართული იყო სპეციალიზებული ტექნიკის დაახლოებით 250 ერთეული. დასავლეთ საქართველოს 37 რაიონში დაახლოებით 325,7 ათასი ჰექტარი მიწა დამუშავდა. მათ შორის: თერმული ნისლით - 231 ათასი ჰექტარი; ცივი შესხურებით - 48,9 ათასი ჰექტარი, 45,8 ათასი ჰექტარი - სოფლისა და ტყის პერიმეტრი.

გურიაში ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება

გარემოზე პესტიციდების დატვირთვის შემცირების მიზნით და წინა წლებში მიღებული შედეგების გათვალისწინებით, აქცენტი გაკეთდა „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების ტექნოლოგიის გამოყენებაზე. სადგურები ტყის პერიმეტრებზე, სოფლის შიდა გზებსა და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ განთავსდა. სულ დამონტაჟდა 107 ათასი ფერომონი.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, მოხერხდა სასოფლო–სამეურნეო კულტურების გადარჩენა და ფერმერებმა თხილის, სიმინდისა და ციტრუსების უხვი მოსავალი მიიღეს. ეს დადებითად აისახა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე. კერძოდ, მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე განხორციელდა 11 311 ტონა თხილის ექსპორტი, რაც 3 060 (37%) ტონით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 59,3 მილიონ დოლარს მიაღწია.

აზიური ფაროსანა აქტუალობას არ კარგავს: საჩხერეში მავნებლებს ებრძვიან

საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. მავნებელთან ბრძოლის საქართველოს მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.

გასული წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა, პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავაც გაგრძელდება.