ფიზიკურ ძალადებობაზე არანაკლები ზიანი შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიურმა ძალადობამ, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ემოციურ კეთილდღეობაზე, მით უმეტეს, თუ საქმე ეხება ბვშვს.
ფსიქოლოგმა ნინო გოგიჩაძემ გადაცემაში „პირადი ექიმი“ ბავშვის დაშინების, მუქარის და მის მიმართ ძალადობრივი ქმედების გამოყენების შესახებ ისაუბრა. როგორც ფსიქოლოგი განმარტავს, ბავშვთან მსგავსი მიდგომის გამოყენება არაეფექტიანი და საზიანოც კია.
- ძალადობრივ ქმედებას არ მივყავართ ბავშვის კეთილდღეობამდე. არც ერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ შიშით შეიქმნება სიყვარული. რატომ დასჭირდა საზოგადოებას იმაზე საუბარი, რომ შიში შეიქმს სიყვარულს, ეს ძალიან საინტერესო თემაა. თუ საზოგადოებასა და სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ და იმ ღირებულებაზე, რომელსაც ეფუძნება სახელმწიფო, შიში არის მართვის ერთ-ერთი ბერკეტი. თუ სახელმწიფო ორიენტირებულია, რომ შიშით მართოს თავისი მოქალაქეები, ძალიან ადვილია, რომ ეს მოდელი გადაიღოს ოჯახმა. შიში შეიქმს მორჩილებას, შიში ადამიანს ასწავლის, როგორ შეასრულოს დავალებები, როგორ დაუჯეროს იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ძალაუფლება. ოჯახი არის სისტემა. დედას ან მამას აქვს ძალაუფლება, ამასთან აქვს ის, რაც სჭირდება ბავშვს. თუ მშობელი მოითხოვს შიშსა და მორჩილებას, ამის სანაცვლოდ კი ბავშვს შეუძლია მიიღოს ბანანი, ნაყინი, გასეირნება, ის მოერგება ამ სისტემას. ბავშვი მშობელს აჩვენებს: „კი, დედიკო, მიყვარხარ. ოღონდ შენ არ მიყვირო და მე ვიმეცადინებ!“ სად მივდივართ აქედან? ჩვენ ვთვლით, რომ შიში არის ის, რაც გვიმარტივებს პრობლემის მოგვარებას, ბავშვს ვეტყვით რამეს და ისიც აკეთებს. ჩვენი გადმოსახედიდან ეს არის სიყვარული.
მშობლები მიზნად არ უნდა ისახავდნენ მორჩილი ადამიანის შექმნას. თუ ჩვენ გვინდა, რომ თვითონ გააკეთოს, თვითონ იპოვოს გზები, თვითონ იყოს შემოქმედი ადამიანი, უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი ამოცანა არ არის მორჩილი ადამიანის შექმნა.
შიშით აღზრდილი ადამიანი საბოლოო ჯამში უფრო ძვირი უჯდება საზოგადოების კეთილდღეობას. ასეთ ადამიანს აქვს სომატური ჩივილები, ფსიქოლოგიური პრობლემები, ნაკლებად ეფექტიანია. თუ ოჯახი ამბობს, რომ მე ვარ ის, ვინც ცდილობს ბავშვს შეუქმნას კეთილსაიმედო გარემო, რათა მან შეძლოს გააკეთოს ის, რაც მისთვის სასიამოვნოა, რაც მას რეალიზების შესაძლებლობას მისცემს, მაშინ აქ შიშის მონაწილეობა ნაკლებია.
შიში ძალიან ძლიერი ფაქტორია. ის ძლიერი მოტივატორია. შიში ემოციაა, რომელიც გადარჩენასთან არის დაკავშირებული – მე რაღაც უნდა მოვიმოქმედო, რომ ეს შიში შევამცირო, დავძლიო, გადავლახო, ან საპასუხოდ ვიმოქმედო.
არიან ბავშვები, რომლებიც ახერხებენ, რომ შიშის საპასუხოდ იმოქმედონ. ისინი არღვევენ იმ წნეხს, რომელიც ძალადობრივ ოჯახში სუფევს. ასე ის ბავშვები იქცევიან, რომლებსაც ჰყავთ საიმედო მეწყვილე ოჯახის შიგნით – დედა, და-ძმა, ბებია. მსგავსი პოზიტიური მხარდამჭერი შეიძლება ოჯახის სისტემას ბრძოლას არ უცხადებდეს, მაგრამ აგულიანებდეს ბავშვს. ბავშვისთვის ეს დამცავი ფაქტორია. ბავშვს ეს აძლევს ძალას, რომ მან თქვას: „მე ასეთი ურთიერთობა არ მომწონს. მე არ მინდა, რომ მსჯიდნენ“. ბავშვი ახერხებს, რომ თავისი თავი დაიმკვიდროს, თუმცა საბოლოო ჯამში ვხედავთ იმას, რომ ძალიან ძლიერი ეფექტი აქვს ოჯახის მოდელებს და მერე თავის შვილებთან ცდილობს, რომ ეს მოდელი არ გამოიყენოს. რაც ახასიათებს ამ ძალადობრივ სისტემას, ძალიან კარგად ჯდება ჩვენი ტვინის სტრუქტურებში. ლაპარაკია იმაზე, რომ ძალადობა ეფექტს ახდენს ტვინის ანატომიაზე. ტვინი იცვლება სტრუქტურულად. შიშზე ორიენტირებული ტვინი არის სხვანაირი. ის არის ორიენტირებული გადარჩენაზე. ასევე შიშით აღზრდილი ტვინი, და არა მხოლოდ ტვინი, სხეულიც არის სხვანაირი, რადგან ეს არ არის მხოლოდ თავის ტვინში მიმდინარე პროცესები. შიში მთლიანად დაკავშირებულია მთელი ჩვენი ენდოკრინეული სისტემის აქტივაციასთან. შიშზე საპასუხო რეაქცია მოითხოვს ძალიან ბევრ ენერგიას. ამიტომ ეს ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს.