თბილისი, 2 დეკემბერია - Sputnik. ბათუმი-თბილისის ავტომაგისტრალზე სოფელ სუფსასთან ერთმანეთს ტრაილერი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, იუწყება ტელეარხი Rustavi 2.
ტელეარხის მონაცემებით, სამარშრუტო ტაქსი ფოთიდან გადაადგილდებოდა და მასში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებია მობილიზებული. მძღოლის ცხედარი პროზექტურაში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
შსს-ს ბოლო მონაცემებით, 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში მოხდა 3 644 ავარია, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვა. ავარიებმა 337 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 5 ათასზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების წესების დარღვევა. მეორე ადგილზე სიჩქარის გადაჭარბებაა, მესამე ადგილზე - დისტანციის დარღვევა მოძრაობისას.