საქართველოში საშემოსავლო და ქონების გადასახადი 2021 წლის 1 იანვრამდე გადავადდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალ წელს ქონების გადასახადისგან მთლიანად თავისუფლდებიან სასტუმროები, კვების ობიექტები და ტურისტული კომპანიები.
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, რომელთაც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად საშემოსავლო და ქონების გადასახადი ოთხი თვის ვადით ჰქონდათ გადავადებული, აღნიშნული ვადა 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდათ, ნათქვამია საქართველოს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კომპანია ვალდებულია შემოსავლების სამსახურს გადასახადების შესახებ დეკლარაცია წარუდგინოს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტულ კომპანიებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობის უფლება 1 დეკემბრამდე ჰქონდათ. ამჯერად კი სახელმწიფომ 1 იანვრამდე ვადა დეკლარაციის ორ მუხლთან – ქონებისა და საშემოსავლო გადასახადთან მიმართებით გაახანგრძლივა. 

რა თანხები გამოიყოფა ბიუჯეტიდან ანტიკრიზისულ გეგმაზე 2021 წლისთვის

„აღნიშნული გადავადებით უკვე 652-მა კომპანიამ ისარგებლა და მათ დეკლარაციის წარდგენის ვადა 1 იანვრამდე მიეცათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მოუწოდებს იმ კომპანიებს, რომელთა იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა, გადავადების შესახებ განცხადებით უწყებას დროულად მიმართონ, რათა მათ მიმართ არ განხორციელდეს დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებები. 

უწყებაში პირობას დებენ, რომ განცხადებების განხილვა უმოკლედ ვადებში მოხდება, რათა კომპანიამ აღნიშნული შეღავათებით ისარგებლოს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ახალი გეგმის თანახმად, 2021 წელს ქონების გადასახადისგან მთლიანად თავისუფლდებიან სასტუმროები, კვების ობიექტები და ტურისტული კომპანიები.