საქართველოს ფეხბურთის ქალთა ნაკრებმა ЕURО-2022-ის ყველა შესარჩევი მატჩი წააგო

საქართველოს ფეხბურთის ქალთა ნაკრებისთვის ეს წაგება 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში რიგით მეათე გახდა
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ქალთა ნაკრები თბილისში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ბოლო შესარჩევ მატჩში ბოსნია და ჰერცეგოვინას გუნდთან 0:3 დამარცხდა.

შეხვედრის პირველივე წუთებიდან უპირატესობა სტუმრების მხარეს იყო და ისინი 22-ე წუთზე დაწინაურდნენ. გატანილი გოლის ავტორი მარია დამიანოვიჩი გახდა.

„ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაში ქალთა შორის ითამაშებს

მთელი მატჩის დროს ლევან ბაჟელიძის შეგირდები ცდილობდნენ მეტოქეთა კართან მწვავე მომენტების შექმნას, მაგრამ უშედეგოდ. ქართველმა გოგონებმა ბოსნიელთა კარში ვერც ერთი ბურთი ვერ გაგზავნეს.

თავის მხრივ, ბოსნია და ჰერცეგოვინას ფეხბურთელმა ქალებმა ბევრჯერ შეაწუხეს თათია გაბუნია და მეორე ტაიმში მიზანს ორჯერ მიაღწიეს. დუბლი სოფია კრაისუმოვიჩმა გააფორმა (64-ე და 77-ე წუთებზე).

საქართველოს ფეხბურთის ქალთა ნაკრებისთვის ეს წაგება ЕURО-2022-ის შესარჩევ ციკლში რიგით მეათე გახდა. ჩვენმა გუნდმა В ჯგუფში ასპარეზობა ბოლო ადგილზე გატანილი და გაშვებული გოლების კატასტროფული სხვაობით დაასრულა - 3:45.

ლანჩხუთის „გურიის“ ვეტერანი ფეხბურთელი, არასაბჭოური საქციელი და „გადარეული დუნია“ >>

ჯგუფის ლიდერია დანია, რომელმაც ცხრავე მატჩი მოიგო, გაიტანა 48 გოლი და ერთი გაუშვა.

ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში ქალთა შორის 2022 წელს ინგლისში გაიმართება.