თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო წელს შემცირდა აივ-ინფექციის ტესტირების გავლის მსურველთა რაოდენობა, რამაც, შესაბამისად, შეამცირა აივ-ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა, ნათქვამია საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის განცხადებაში.
მსოფლიოში 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2020 წლის თემაა „საერთაშორისო სოლიდარობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა“.
საქართველო და აივ-ინფექცია: ბოლო მონაცემები>>
როგორც ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსის პანდემია მტკივნეულად აისახა აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულ ადამიანებზეც.
„უნდა გავხდეთ ამ ორი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის თანამონაწილე. შემოგვიერთდით და დავასრულოთ COVID-19 და შიდსის ეპიდემია საქართველოში! ეპიდემიის დასრულებისთვის მნიშვნელოვანია იცოდე შენი აივ–სტატუსი და თუ ხარ აივ–ინფიცირებული, დროულად დაიწყო მკურნალობა. დროულად დაწყებული მკურნალობა კი სრულფასოვანი ცხოვრების საწინდარია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია კვლავ აივ-ინფექცია/შიდსთან ბრძოლისთვის დამატებითი ფინანსების მობილიზაცია, რათა ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება ამ საკითხში და გაუმჯობესდეს ინფიცირებული ადამიანების ცხოვრების ხარისხი.
ამ დროისათვის საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიერ რეგისტრირებულია 8 598 აივ-ინფიცირებული, აქედან 6 422 მამაკაცია, ხოლო 2 176 – ქალი. პაციენტების უმრავლესობა 29–39 წლისაა. შიდსი განუვითარდა 4 441 პაციენტს, გარდაიცვალა 1 781.
კიდევ ერთი: აივ-ინფექციისგან მსოფლიოში მესამე ადამიანი განიკურნა>>
30 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში მკურნალობს 5 379 პაციენტი, აქედან 46 ბავშვია. საქართველოში აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოზი პირველად 1989 წელს დაისვა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში მოქალაქეებს ახსენებენ, რომ ტესტი აივ-ინფექცია/შიდსზე და კონსულტაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის არის უფასო და ანონიმური.