მსოფლიო დღეს

ირანული მედია: ფაჰრიზადე კოსმოსიდან მართვადი იარაღითაა მოკლული

ირანის ხელისუფლება ფიზიკოს მოჰრენ ფაჰრიზადეს მკვლელობაში ისრაელს სდებს ბრალს და არ აპირებს უპასუხოდ დატოვოს „სახელმწიფოებრივი ტერორიზმის“ აქტი.
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ირანელი ფიზიკოსი მოჰსენ ფაჰრიზადე კოსმოსიდან მართვადი იარაღით მოკლეს, იუწყება ირანული ტელეარხი Al-Alam.

„მკვლელობის დროს გამოყენებული, ისრაელის წარმოების იარაღი თანამგზავრის მეშვეობით კონტროლდებოდა“, — წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.

ამასთან, სააგენტო Fars-ის ინფორმაციით, ფიზიკოსს 150 მ დაშორებიდან ესროლეს დისტანციური მართვის იარაღიდან და ფაჰრიზადესა და მისი დაცვის წევრების გარდა ადგილზე სხვა არავინ იყო.

ირანი შურისძიებით იმუქრება: ფიზიკოსის მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება

ოფიციალურმა თეირანმა ასევე დაადასტურა, რომ უშუალოდ თავდასხმის ადგილზე შემსრულებლები არ ყოფილან.

​მოჰსენ ფაჰრიზადე 27 ნოემბერს მოკლეს თეირანის მახლობლად, როდესაც ის ქალაქ აბსარდისკენ მიემგზავრებოდა დაჯავშნული ავტომობილით, დაცვის სამი მანქანის თანხლებით. მძიმედ დაჭრილი ფიზიკოსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფის ვარაუდით, გამორიცხული არ არის, რომ ფაჰრიზადეს მკვლელობაში, რომელსაც ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთ ავტორად მოიაზრებდნენ, ისრაელის ხელი ერიოს. მან მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებით კი ევროკავშირს, შეწყვიტონ ორმაგი სტანდარტები და დაგმონ „სახელმწიფოებრივი ტერორიზმის“ აქტი.