„დავჩეხოთ და თავი დავუჩეჩქოთ..." – ოპოზიციონერი სკანდალის ობიექტი გახდა

ვაშაყმაძე თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ოქუაშვილის პარტიის წევრია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ბათუმის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციებში.
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ასლან ვაშაყმაძე სოციალურ ქსელში პოლიციის მისამართით მუქარის შემცველი ვიდეოს გამოქვეყნების გამო სკანდალში გაეხვა. 

დაპირისპირება აქციაზე ბათუმში: არიან დაშავებულები და დაკავებულები

გუშინ ვაშაყმაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც აგრესიული და უცენზურო სიტყვებით მოქალაქეებს პოლიციელების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებდა. კერძოდ, ვაშაყმაძე საზოგადოებას მოუწოდებდა ერთი პოლიციელის დაჭერას და სამაგალითოდ დასჯას.

სოციალური ქსელის მომხმარებელთა კრიტიკის გამო ვაშაყმაძემ ვიდეო წაშალა, თუმცა, ტელეკომპანია "იმედმა" ვიდეოს შენახვა მოასწრო და საზოგადოებას წარუდგინა.

„უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ, თავი უნდა ვუჩეჩქოთ და ცხოვრების ბოლომდე ინვალიდი დავტოვოთ, რათა სხვა პოლიციელებისთვის მაგალითი იყოს და მათ ხალხზე ხელის აწევა ვეღარ გაბედონ. რადგან ისინი ძალადობაზე გადმოდიან, ჩვენც ძალადობაზე გადავალთ“, – თქვა ვაშაყმაძემ ვიდეომიმართვაში.

მოგვიანებით ოპოზიციური პარტიის წევრმა ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც საზოგადოებას ბოდიშს უხდის. 

„ეს უპასუხისმგებლობაა“ – ამირან გამყრელიძე საპროტესტო აქციებზე აჭარაში

„არ უარვყოფ, რომ აღელვების ნიადაგზე მოქალაქეების მოწოდებასავით გამომივიდა. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას და იმ ადამიანებს, ვინც მიცნობს, რომლებმაც კარგად იციან, რომ პირადად მე ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ... როცა ამას ვამბობდი, უბრალოდ აღელვებული ვიყავი“, – განაცხადა ვაშაყმაძემ.

ვაშაყმაძე საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ოქუაშვილის პარტიის წევრია. იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „გამარჯვებული საქართველოდან“ მონაწილეობდა.

ვაშაყმაძე აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე კვირაა იმართება. ორშაბათს საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე ფაქტი მოხდა.

რეაქციები

ოქრუაშვილის პარტიას გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა ვაშაყმაძე უკვე გახდა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის კრიტიკის ობიექტი.

„მსგავსი სამარცხვინო და ამორალური განცხადებები და მოწოდებები ამ აქციის ლაიტმოტივი ვერ გახდება, რამდენადაც ჩვენ მშვიდობიანი ფორმით ვაპროტესტებთ არჩევნების შედეგებს. ამ განცხადების შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასლან ვაშაყმაძეს ამ აქციებზე საჯარო ტრიბუნა არ დაეთმობა“, – განაცხადა ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მირდატ ქამადაძემ.

ბათუმში საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში 8 ნოემბრიდან იმართება. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.