თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რთული ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, შეზღუდვების გამკაცრება ეპიდემიის გავრცელების შენელებას ისახავს მიზნად და მიღებული ზომების ეფექტურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათ აღსრულებას.
მოქმედი რეგულაციების დაცვა შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად კონტროლდება. ბოლო მონაცემებით, ბოლო 24 საათში შეზღუდვების დარღვევის 1.244 ფაქტი გამოვლინა: იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის 67 პირი, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კი 1.177 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
ასევე შეზღუდვების ამოქმედებიდან დღემდე შემოწმდა 10 ათასზე მეტი ობიექტი. მათ შორის წერილობითი ან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო 6 ათასზე მეტმა ობიექტმა, დაჯარიმდა 3 ობიექტი, 4 ათასზე მეტ ობიექტს შეუჩერდა საქმიანობა, ერთ ობიექტზე კი „იზოლაციის და კარანტინის წესის“ განმეორებით დარღვევის ფაქტი გამოვლინდა.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალურ სექტორში საწოლფონდის კუთხით არსებული ვითარება. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ქვეყანაში 8.214 საწოლის რესურსია, მათგან მობილიზებულია 7.103 და გამოყენებულია 6.138. ქვეყანაში 564 თავისუფალი საწოლია. გარდა ამისა, თავისუფალია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 430 აპარატი. დღეისათვის საქართველოში 85 კოვიდ–კლინიკაა.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების პროცესის უწყვეტობის მნიშვნელობაზეც.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და პრემიერ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჩაერთო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობისა და მარაგების შევსების პროცესში.
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განმარტებით, კორონავირუსის აპანდემიის მეორე ტალღის დროს სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება პრაქტიკულად სამჯერ გაიზარდა.
„დღეში 80 ტონას აჭარბებს სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება, რაც სამჯერ და მეტად აღემატება იმ მაჩვენებელს, რაც კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე გვქონდა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ქვეყანაში სამედიცინო ჟანგბადის პრობლემა არ შეიქმნას და მინდა დავარწმუნო მოსახლეობა და ჯანდაცვის სექტორი, რომ ჟანგბადის მომარაგების კუთხით პრობლემა არ გვექნება“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ თურქეთში ჟანგბადის 10 ახალი, დიდი სიმძლავრის გენერატორი შეიძინა, თითოეული დღეში 1 ტონა ჟანგბადს აწარმოებს. ორი დანადგარი უკვე საქართველოშია და რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში დამონტაჟდა. დეკემბრის შუა რიცხვებში კიდევ ექვს დანადგარს ველოდებით, რომლებიც თბილისისა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოებზე გადანაწილდება, დასძინა მინისტრმა.
ბრძოლა Covid-19-თან: ერთ დღეში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა>>>
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 135.584 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 113.986, გარდაცვლილია 1.267 პაციენტი.