პარლამენტთან ორი საპროტესტო აქცია იმართება

საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილთა მოთხოვნებია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვა და ამნისტიის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება.
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ერთბაშად ორი საპროტესტო აქცია იმართება, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან. 

ერთ აქციაზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, მეორეზე – პატიმრების ამნისტიას.

პირველი აქციის ორგანიზატორები მოძრაობა „დაიცავი არჩევნების“ და მოძრაობის „საქართველოსთვის“ აქტივისტები არიან. ერთ-ერთი ორგანიზატორის დავით ნებიერიძის განმარტებით, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება, მომიტინგეები აქციებს მანამდე გააგრძელებენ. 

„არა შეზღუდვებს!“ – პარლამენტთან კარვების გაშლას შეეცადნენ

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ამტკიცებენ, რომ კენჭისყრის შედეგები გაყალბდა. პარლამენტში შესული რვა ოპოზიციური პარტია სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს. მმართველ პარტიაში ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ოპოზიცია ქვეყანაში რევოლუციურ სცენარს ჯერ კიდევ არჩევნების წინ ამზადებდა.

მეორე აქციის მონაწილეები ამნისტიის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას მოითხოვენ. მსგავსი მოთხოვნით აქციები საკანონმდებლო ორგანოს წინ შემოდგომის დასაწყისშიც გაიმართა – მსჯავრდებულთა დედებმა საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით, 7 დეკემბერს აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ირგვლივ „ცოცხალ ჯაჭვს“ შეკრავენ. 

„შემახე ამნისტია“: პატიმრების დედებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს

2020 წლის მაისის ბოლოს არსებული მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 341 ქალი და დაახლოებით 9 ათასი მამაკაცია.

პატიმართა უმრავლესობის ასაკი 26-დან 49 წლამდეა. საპატიმროებში ორი არასრულწლოვანი გოგონა და 45 მოზარდია. დანარჩენები 18 წელს ზემოთ ასაკის არიან.

პატიმართა ნახევარზე მეტი სასჯელს ნახევრად დახურული ტიპის დაწესებულებებში იხდის. მათთვის ნებადართულია კამერის დატოვება, მუშაობა, ეზოში გასვლა. კიდევ დაახლოებით 1,7 ათასი ვადას დახურული ტიპის დაწესებულებებში იხდის. 176 პატიმარი კი მაღალი რისკის დაწესებულებაშია, სადაც მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.