„ეს პიკია" – ამირან გამყრელიძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე

გამყრელიძის განცხადებით, არავინ უარყოფს, რომ ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, თუმცა სიტუაცია მართვადია.
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღის პიკში იმყოფება – ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 3–4 ათასი შემთხვევაა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

ტიკარაძე: რა თქმა უნდა, პრობლემები და ხარვეზები არის

გამყრელიძის განმარტებით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პიკი, ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ დაიცავს მოსახლეობა დაწესებულ რეგულაციებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება ინფიცირების შემთხვევები ცოტათი კიდევ გაიზარდოს, თუმცა ჩვენ დაახლოებით ასეთი მაჩვენებლის ფარგლებში დავრჩებით“, – განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

გამყრელიძემ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება შეაფასა როგორც რთული, მაგრამ მართვადი.

მსოფლიოს მასშტაბით სტაციონარს გარეთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი დაბალია, აღნიშნა მან. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე კომპანიასთან უკვე გააფორმა შეთანხმება და პრეპარატი „რემდესივირი“ ქვეყანაში მალე შემოვა.

ამასთან ერთად მედიკოსმა განმარტა, რომ მოცემული პრეპარატი ყოველდღიური მოხმარების არ იქნება და მისი გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მოხდება.

„მაღალი რანგის სპეციალისტმა თენგიზ ცერცვაძემ ეს პრეპარატი საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

რაც შეეხება კორონავირუსის ვაქცინას, კონკრეტულად როდის მოხდება მისი საქართველოში შემოტანა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ეს 2021 წლის მარტი–აპრილში მოხდება.