ბათუმში ხმაურია: საპროტესტო აქციის ფონზე ფიტნეს-ცენტრის შენობაში პოლიცია შევიდა

„რეფორმერის“ ხელმძღვანელობა შრომის ინსპექციამ კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა, მაგრამ ფიტნეს-დარბაზმა ფუნქციონირება განაგრძო
Sputnik

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ბათუმში ფიტნეს-ცენტრ „რეფორმერის“ შენობაში საათზე მეტია პოლიციის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ეს ყველაფერი ახალი შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალა ფიტნეს-ცენტრების, სპორტული დარბაზების და აუზების ფუნქციონირება. „რეფორმერი“ არ დაემორჩილა ამ შეზღუდვას და ფუნქციონირება განაგრძო, ამის გამო ფიტნეს-ცენტრის ხელმძღვანელობა შრომის ინსპექციამ 10 ათასი ლარით დააჯარიმა. კლუბის მფლობელი გააფრთხილეს, რომ განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა, თუმცა ფიტნესკლუბი დღეს ისევ გაიხსნა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.

ჯაფარიძე: ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ, შეგიძლიათ მოხვიდეთ და ივარჯიშოთ

კლუბის დასაცავად მივიდა პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. მან რეფორმერის“ მფლობელთან ზეპირი შეთანხმება დადო და ფიტნეს-ცენტრი აღჭურვილობასთან ერთდ საცხოვრებელ ფართად იქირავა. შემდეგ ჯაფარიძემ მასთან „სახლში“ სტუმრად ყველა მსურველი სავარჯიშოდ დაპატიჟა.

პოლიციამ დარბაზიდან სტუმრები გაიყვანა, შემდეგ კი აღჭურვილობის აღწერა დაიწყო.

ფიტნესკლუბთან იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩისა“ და სხვა პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც  ფიტნესკლუბის მფლობელს გიორგი ფუტკარაძეს სოლიდარობას უცხადებენ.

ადგილზე იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილი. მისი განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე მუხლით მიმდინარეობს. პოლიციაზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.